გერმანია აცხადებს, რომ სამოგზაურო აკრძალვას უწესებს საქართველოს იმ 9 მოქალაქეს, ვინც საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების წინააღმდეგ ქმედებებშია მხილებული.
"დღეს გერმანიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა იმ 9 პირს, ვინც დიდწილად პასუხისმგებელია დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე საქართველოში. მშვიდობიანი პროტესტი ადამიანთა ერთ-ერთი საყოველთაო უფლებაა - მისი დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა", - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო "X"-ზე.
ქვეყნის დიპლომატიური უწყება განმარტავს, რომ საქართველოში ვითარება კვლავ შემაშფოთებელი რჩება. გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ საქართველოს, შეცვალოს კურსი.
"ვაიმარის სამკუთხედის" სახელით ცნობილი, 1991 წელს შექმნილი რეგიონული ალიანსი - საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი - ასევე გამოხატავს შეშფოთებას ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების და მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ შექმნა, მას მერე, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგში დაყენებაზე.
"კრიზისის მიზეზია საქართველოს მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური კურსის შეცვლა და ევროპული გზიდან გადახვევა. ჩვენ განმეორებითად მოვუწოდებდით საქართველოს ხელისუფლებას შეეცვალა კურსი და დაბრუნებულიყო ევროინტეგრაციის გზაზე ევროპული ნორმებისა და ღირებულებების დაცვით, და რეფორმების გატარებით", - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.
"ჩვენ მტკიცედ ვგმობთ გასული კვირების ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობას, რომ პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და დაიცვას მათი ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის შეკრებისა და მედიის თავისუფლება. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოთქმულ მუქარებს. "ქართული ოცნების" რეპრესიისა და დემოკრატიული უკუსვლის პოლიტიკურმა კურსმა გამოიწვია ევროპულ და ეროვნულ დონეზე ჩვენი ურთიერთობების დაქვეითება და საქართველოს ხელისუფლებისთვის ჩვენი დახმარებისა და მხარდაჭერის შემცირება.
შესაბამისად, ჩვენ აღვასრულებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონეთათვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ და განვიხილავთ დამატებით ზომებს როგორც ევროკავშირის, ისე - ეროვნულ დონეზე", - აცხადებენ სამი ქვეყნის პირველი დიპლომატები.
"ვაიმარის სამკუთხედის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია საპარლამენტო არჩევნების და გამოვლენილი დარღვევების შესახებაც.
"ეუთო/ოდირის ბოლო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ადასტურებს ჩვენს შეშფოთებას ამ საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე, ფართოდ გავრცელებული დარღვევებისა და შეუსაბამისი რეაგირებისა და გამოძიების ბრალდებებზე ფონზე. არჩევნები არ ჩატარებულა იმ სტანდარტით, რაც ევროკავშირის კანდიდატისგანაა მოსალოდნელი.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან იმისთვის, რომ იპოვოს გამოსავალი ახლანდელი სიტუაციიდან და აღადგინოს ქართული დემოკრატიისადმი საზოგადოებრივი ნდობა. ეუთო/ოდირის რეკომენდაციებისა და სტანდარტების შესრულების მოწოდება, მათ შორის ახალი არჩევნების შესაძლებლობა, რომელიც მოდის ქართული საზოგადოების ნაწილისგან, იმსახურებს ხელისუფლების მხრიდან განხილვას, ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გულწრფელი დიალოგის ფარგლებში. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ, რომ მხარს ვუწერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს", - ვკითხულობთ გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.