ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდაცვის სამინისტრო დასავლური დახმარების გარეშე რჩება


გერმანელი ჯარისკაცები "ღირსეული პარტნიორი 2018"-ის სამხედრო სწავლებაზე, ვაზიანში
გერმანელი ჯარისკაცები "ღირსეული პარტნიორი 2018"-ის სამხედრო სწავლებაზე, ვაზიანში

ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებასთან სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეზღუდა გერმანიამ. ბერლინი თბილისს უსაფრთხოების განმტკიცებაში, დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღიდან ეხმარებოდა.

ჩვენ მივდივართ არა წინ, არამედ უკან. ანუ, ჩვენ არ გვეყოლება მომზადებული კადრები, თანამედროვე ტექნოლოგიებით და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფები. ჩვენ არ გვექნება საშუალება ნორმალური სამხედრო სწავლება ჩავატაროთ
გოჩა ვეტრიაკოვი, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი

ინფორმაცია რომ გერმანია „ზოგიერთ დიდ პროექტს“ აუქმებს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა გაავრცელა. „სამწუხაროდ, საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა გერმანიის შეშფოთებას იწვევს და საქართველოში რამდენიმე დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია“ - დაწერა ელჩმა ფიშერმა X-ზე.

არც გერმანიის საელჩომ და არც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დამატებითი კომენტარი ამ თემაზე არ გააკეთეს, იქედან გამომდინარე, რომ "ორმხრივი სამხედრო პროექტების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის".

„ფაქტიურად, ჩვენ უსაფრთხოებაზე და სტაბილურობაზე სამომავლოდ ვამბობთ უარს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილმა სარდალმა გოჩა ვეტრიაკოვმა.

მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარების შეჩერება ან შეწყვეტა საქართველოს თავდაცვის ძალებს ძალიან უკან გადაისვრის. „გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ მივდივართ არა წინ, არამედ უკან, ანუ ჩვენ არ გვეყოლება მომზადებული კადრები, თანამედროვე ტექნოლოგიებით და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფები.

ვეტრიაკოვი: "ეს ნიშნავს რომ "მერსედესიდან" ურემზე გადაჯდე"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:28 0:00

ჩვენ არ გვექნება საშუალება ნორმალური სამხედრო სწავლება ჩავატაროთ. ჯერ რა სწავლებები გვქონდა და ეგეც აღარ გვექნება. იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, არცერთს და არც ახლანდელს, არ ესმის რა არის სამხედრო სისტემა, რა არის შეიარაღებული ძალების მნიშვნელობა ქვეყნისთვის. მათ ჯარი ახსენდებათ აღლუმებზე და არჩევნების წინ. ის, რომ შეირაღებული ძალები არის ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტი, ეს არ ესმით.

რომ შევხედოთ ჩვენს ქვეყანას, უსაფრთხობის თვალსაზრისით, ისეთ მდგომარეობაშია, რომ არაფრის ფუფუნება არ გვაქვს, მით უმეტეს, ამერიკის და ევროპის დახმარების იგნორირების. ეს რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის, ეს ორჯერ ორი ოთხია“ - ამბობს გოჩა ვეტრიაკოვი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გერმანიის გრანტით შესყიდული აღჭურვილობა, 2023 წელი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გერმანიის გრანტით შესყიდული აღჭურვილობა, 2023 წელი

ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკით, უხეშად არღვევს „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტს, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ, ინსტიტუციურ და ოპერატიული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს განსაზღვრავს.

"თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ფარგლებში აღებული ვალდებულებები კომპლექსურია და მოითხოვს არა მხოლოდ ეროვნულ ძალისხმევას, არამედ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის. ჩვენთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა აშშ-ის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის რჩევები და პრაქტიკული მხარდაჭერა"
ამონარიდი საქართველოს 2021-2025 წლების „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტიდან

2021-2025 წლების „თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში“ პირდაპირ წერია, რომ „საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის აშშ-სა და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს.

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ფარგლებში აღებული ვალდებულებები კომპლექსურია და მოითხოვს არა მხოლოდ ეროვნულ ძალისხმევას, არამედ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის.

საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა აშშ-ის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით გათვალისწინებული პროცესების თანამონაწილის, რჩევები და პრაქტიკული მხარდაჭერა.

უდიდეს ყურადღებას ვამახვილებთ ნატო საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებაზე, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, რაც კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დასაჩქარებლად“ - ვკითხულობთ საქართველოს „თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში“ 2021-2025.

უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტში ამ ჩანაწერის ფონზე, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მუდმივმა თავდასხმებმა სტრატეგიულ პარტნიორებზე, ის შედეგი გამოიღო, რომ 2024 წელს, პენტაგონმა გაურკვეველი დროით გადადო მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“.

სამხედრო დახმარება შეკვეცეს ან გააუქმეს აშშ-მა, ევროკავშირმა, გერმანიამ და ახლო წარსულში, საქართველოს სხვა მოკავშირეებმა.

ამერიკული "აპაჩები" ვაზიანის სამხედრო ბაზის თავზე, 2018 წელი
ამერიკული "აპაჩები" ვაზიანის სამხედრო ბაზის თავზე, 2018 წელი

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ანალიტიკოსი დავით ძიძიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროში სწავლებების და დასავლური სამხედრო დახმარების შეჩერების გამო, პროტესტის დიდი მოლოდინი არ აქვს.

თავდაცვის სამინისტროში სამხედროები, საჯარო მოხელეები ვერ გრძნობენ, რომ მათ მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვლება, სწავლება რო გაუქმდა... იმიტო კი არა რო არ ესმით, რომ შეიძლება საერთოდ არ ჩატარდეს. იმიტომ რომ ახლა მათთვის ასე კომფორტულია
დავით ძიძიშვილი, ჰიბრიდული ომის მკვლევარი

„ამ წუთას, არაერთი ქართველი საჯარო მოხელე უცხოეთში სწავლობს ნატოს და ევროკავშირის დაფინანსებით და ისინი არ გამოუშვიათ იქედან, არ უთქვათ, რომ იცი რა არის, მორჩა! თქვენ ემსახურებით რეჟიმს, რომელიც ემსახურება არა ქვეყანას, არამედ „ქართულ ოცნებას“...

დასავლეთის მიდგომა არის ინსტიტუციური, სახელმწიფო ინსტიტუტებს ისინი არ აღიქვამენ, როგორც რომელიმე მთავრობის მსახურებს. და, ჩვენ ხომ ვიცით საქართველოს შიგნით რომ რეალურად საჯარო სექტორში დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი პარტიის ერთგულია ახლა და არა ქართული სახელმწიფოსი.

ეს ადამიანები ვერ გრძნობენ, რომ მათ მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვლება. თავდაცვის სამინისტროში სწავლება რომ გაუქმდა, თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი რომელიც მეგობრებში მყავს "ფეისბუქზე", ფოტოებს მიდებდა გერმანიიდან, სადაც ობერამერჰაუზში იყვნენ წასული სასწავლო კურსზე, ნატოს დაფინანსებით.

ისინი ვერ გრძნობენ ამას, თქვეს, რომ ოკ, ნუ ახლა პოლიტიკური დაპირისპირებაა, გადაიდო სწავლება და მომავალ წელს ჩატარდება. იმიტომ კი არა რომ არ ესმით, რომ შეიძლება საერთოდ არ ჩატარდეს, იმიტომ რომ ახლა მათთვის ასე კომფორტულია! მაშინ უნდა აღიარო, რომ [ხელისუფლება] რუსეთის ხელისუფლებას ემსახურება და ეგ ძალიან რთულია.

მე რომ გამიჩნდა ეგ განცდა 2019 წელს, როცა მითხრეს, რომ ნატოს პროექტი უნდა გავაჩეროთ, იმიტომ რომ ახლა, ნატოსთან ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანი, ევროკავშირთან ურთიერთობაა, ვთქვი, რომ მე ვეღარ ვიმუშავებ იმ უწყებაში, სადაც ნატოს პროექტს მაჩერებინებენ ქვეყანაში, რომელიც ოკუპირებულია. ავდექი და წამოვედი თავდაცვის სამინისტროდან და წავედი სამოქალაქო სექტორში სამუშაოდ“ - გვითხრა დავით ძიძიშვილმა.

გერმანიამ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების შეჩერება ზაფხულში დაიწყო. მაშინ, საპასუხოდ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ორაზროვნად განაცხადა, რომ ეს დახმარება „არ არის მხოლოდ მარტივი არითმეტიკა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები, რომელიც აქვს საქართველოს და, ასევე, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს.

იმიტომ რომ ამოცანები, მიზნები და გამოწვევები, რომლებზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, იყო ერთობლივი გამოწვევები, ამოცანები და მიზნები, შედეგებიც ურთიერთსასარგებლო იყო და არა - მხოლოდ ერთი მხარისთვის სასარგებლო".

ამჯერად, გერმანიის ელჩის მიმართ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პასუხი გაცილებით მკვახე იყო.

ის სამხედრო პროექტები, რაც კეთდებოდა, კეთდებოდა იმიტომ, რომ ისევ ერაყში, ავღანეთში და აფრიკაში მომსახურებოდა მათ (დასავლეთის) ინტერესებს, როცა თვითონ ეზარებოდათ იქ თავისი ჯარის გაგზავნა.
ირაკლი ქადაგიშვილი, "ქართული ოცნება"

„კარგად გაიხსენონ მათ, ავღანეთში როდესაც ომი იყო, საქართველოს როლი როგორი იყო, გერმანელებზე ნაკლები როლი შეასრულა საქართველომ ავღანეთში? ყველაფერი გამოწვეული იყო იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გახსნა მეორე ფრონტი.

აი ეს არის ერთადერთი მიზეზი. ამიტომ არიან გაბრაზებულები. ის სამხედრო პროექტები, რაც კეთდებოდა, კეთდებოდა იმიტომ, რომ ისევ ერაყში, ავღანეთში და აფრიკაში მომსახურებოდა მათ ინტერესებს, როცა თვითონ ეზარებოდათ იქ თავისი ჯარის გაგზავნა. თავისი ჯარის გაგზავნა ათჯერ ძვირი უჯდებათ და უღირდათ ქართველის გაგზავნა“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გერმანიამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო დანიამ, რომელმაც საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა 28 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტით. დანიამ ასევე მოუწოდა საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას და დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც „დანიასა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველია“.

ამერიკული "აბრამსები" და "ბრედლები" ვაზიანში, 2016 წელი
ამერიკული "აბრამსები" და "ბრედლები" ვაზიანში, 2016 წელი
"მარდერები" - გერმანიის არმიის ქვეითთა საბრძოლო მანქანები ვაზიანში სამხედრო სწავლებაზე, 2018 წელი
"მარდერები" - გერმანიის არმიის ქვეითთა საბრძოლო მანქანები ვაზიანში სამხედრო სწავლებაზე, 2018 წელი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG