ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონმა საქართველოსთან ერთობლივი წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო


აშშ-საქართველოს ტრადიციული ერთობლივი წვრთნები "ღირსეული პარტნიორი" ვაშინგტონმა განუსაზღვრელი ვადით გადადო. ცნობას ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) საქართველო 2016 წლიდან მოყოლებული მასპინძლობს. პენტაგონის განცხადებით, ეს ნაბიჯი საქართველოსთან შეერთებული შტატების ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ნაწილს წარმოადგენს.

ოფიციალური განცხადება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა საკუთარ ვებგვერდზე 5 ივლისს გამოაქვეყნა, სათაურით - "განცხადება ღირსეული პარტნიორის წვრთნების გადადების შესახებ". მასში ნათქვამია, რომ წვრთნები 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო.

"გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ ისინი ზეწოლას ახდენდნენ საქართველოზე, რათა მას მეორე ფრონტი გაეხსნა რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად და რომ მათ მონაწილეობა მიიღეს მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში. აქედან გამომდინარე, შეერთებული შტატების მთავრობამ დაადგინა, რომ ეს არის შეუსაბამო დრო საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად.

შეერთებული შტატები გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რადგან “ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ საქართველოს უნარი, რომ მან დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა.

ჩვენ ეს გადაწყვეტილება იოლად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ანიჭებენ ისეთ წვრთნებს, როგორიცაა "ღირსეული პარტნიორები". შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს, მათ შორის 2025 წელს, "მტკიცე სულის" [წვრთნების] ჩატარებას”.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პასუხი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეერთებული შტატების განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ სწავლებებს სარგებელი ორივე მხარისთვის მოაქვს. თბილისი ასევე ამბობს, რომ წვრთნების გადადების მიუხედავად, გრძელდება მზადება მომავალი წლის მრავალეროვნული სწავლებისთვის - „მტკიცე სული 2025“. ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.

დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება მრავალეროვნული სწავლების, „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის, „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს.

სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025““, – ნათქვამია ქართული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG