ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარპენტერი: ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანია და მას ძალიან ახლოდან დავაკვირდებით 


Საქართველოში არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვე რჩება. Წინასაარჩევნოდ, სექტემბერში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ე.წ “უცხოეთის აგენტების კანონი აამოქმედა. Რას ფიქრობენ თეთრ სახლში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და რა ნაბიჯებს უნდა ელოდოს საქართველო ამერიკისგან. Ამ თემებზე, პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურ თანაშემწეს და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროს დირექტორს, მაიკლ კარპენტერს, “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი, მარიამ უგრეხელიძე ესაუბრა.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და თქვენი დროისთვის. როგორც იცით, საქართველოში, ე.წ "უცხოეთის აგენტების კანონი" ძალაში შევიდა. მთავრობა მათაც, ვისაც არ სურს რეგისტრაცია, აიძულებს, რომ დარეგისტრირდნენ უცხოეთის აგენტებად. რა არის ის მთავარი პრობლემები, რასაც ახლა თეთრი სახლი ხედავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?

თუ ეს ქმედებები შეწყდება, მაშინ შეგვიძლია გვქონდეს მოლოდინი, რომ არჩევნები, შესაძლოა, იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუ ეს ქმედებები გაგრძელდება, მაშინ პირიქით მოხდება.

საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია.

ამ ტრაექტორიას უკვე საკმაო ხანია ვხედავთ და "უცხოეთის აგენტების კანონი" ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, მმართველი პარტიისგან მომავალი განცხადებებიც შეშფოთების საგანია. ასე რომ ჩვენ მოქმედება დავიწყეთ. შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება, რომელსაც ჩვეულებრივ ვუწევთ ხოლმე საქართველოს მთავრობას; გავატარეთ შეზღუდვის პოლიტიკა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების, სამართალდამცავების, კერძო მოქალაქეების, პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც თანამონაწილენი არიან იმ ქმედებებისა, რომლებიც არღვევენ დემოკრატიულ ნორმებს საქართველოში. ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა.

იმის თქმა, რომ ეს [მოვლენები] შემაშფოთებელია, საკმარისი არაა. საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს.

რადგან ამერიკის მხრიდან განხორციელებულ შემაკავებელ ზომებზე ვსაუბრობთ- უნდა ველოდოთ თუ არა დამატებით ნაბიჯებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც არჩევნები ახლოვდება?

სანქციების შესახებ წინასწარ არ ვაცხადებთ, მაგრამ ვეცდებით ადამიანებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას კორუფციისთვის, ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისთვის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის.

ჩვენ გვაქვს საჭირო ინსტრუმენტები, რათა შესაბამისად მოვიქცეთ, როგორც საქართველოს კონტექსტში, ისე გლობალურადაც. გავაგრძელებთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, როდესაც ეს აუცილებელი იქნება.

საქართველოში არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვეა დარჩენილი. მოდით ვისაუბროთ ამ არჩევნების მნიშვნელობაზე, რამდენად ახლოს დააკვირდება ამერიკა, თეთრი სახლი, არჩევნებს და რამდენად გაშფოთებთ მომავალი არჩევნები?

საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია.

შეერთებული შტატები მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას, მის დემოკრატიას, ამ დემოკრატიული სისტემის საფუძველი კი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ წარსულში, საქართველომ შეძლო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა ერთი ადმინისტრაციისგან მეორესთვის.

ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, როგორც უკვე ვახსენე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შევიწროების კუთხით... ასევე, ვნახეთ [საქართველოს] პრემიერის განცხადება, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზაციასა, თუ უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს. ეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები.

თუმცა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს მაყურებელს ვუთხრათ, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ იმას, რა მოხდება არჩევნების დღეს. ეს არ ეხება მხოლოდ იმ ხმებზე დაკვირვებას, რომელიც საარჩევნო ყუთში მოხვდება. ეს ეხება მთლიანად ატმოსფეროს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, დაშინებას, შევიწროებას და ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს არჩევნების წინა პერიოდში.

ბატონო ელჩო, სენატორმა შაჰინმა, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა და რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა, თქვა, რომ პრემიერმა მას სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილის, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტა თხოვა, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ. პრემიერ-მინისტრი უარყოფს, რომ მსგავსი საუბარი მასსა და სენატორს შორის შედგა. რა ფიქრობთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის გაჩუმების მცდელობაზე და აპირებს თუ არა ამერიკა რაიმე ნაბიჯების გადადგმას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის?

ჩვენ წლების განმავლობაში მტკიცედ ვუჭერდით მხარს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას. საქართველო რეგიონში ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, და ფაქტობრივად, სამხრეთ კავკასიის უშუალო რეგიონის მიღმაც, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს. ეს წლების განმავლობაში მისი დემოკრატიის სიძლიერის ელემენტი იყო.

პრემიერის განცხადება, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზაციასა, თუ უკანონოდ გამოცხადების შესახებ, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს.

ასე რომ, მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის, შევიწროების, დაშინების და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამ "აგენტების კანონის" მიხედვით დარეგისტრირების იძულება, შემაშფოთებელია. კანონი კი ძალიან ჰგავს იმას, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მიიღეს. სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება შეიკრიბოს მშვიდობიანად, რათა საკუთარი აზრი გამოხატოს. ამ გზით მათი საქმიანობის აკრძალვა ანტიდემოკრატიულია.

მე ვიცი, რომ სენატორი შაჰინი ძალიან დიდი ხანია საქართველოს დემოკრატიას გულშემატკივრობს. მახსოვს მისი ვიზიტი [საქართველოში] 2012 წელს, როდესაც ის [არჩევნების] დამკვირვებელი იყო. კონგრესის ორივე მხარეს გვყავს წევრები, რომლებსაც დიდი დრო და ენერგია აქვთ საქართველოს დახმარებაში ჩადებული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოსმენაც, რადგან მათ კარგად ესმით, რა დევს ახლა სასწორზე.

თქვენ ახლახან რუსეთი ახსენეთ. უკვე ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ ე.წ. "უცხოეთის აგენტების კანონი" რუსეთის სახელმძღვანელოდანაა, რომ რუსეთითაა შთაგონებული. რამდენადაა თეთრი სახლი შეშფოთებული რუსეთის გავლენით საქართველოზე და რუსეთის მხრიდან არჩევნებში სავარაუდო ჩარევაზე?

რუსეთის მავნე გავლენის კამპანია გვხვდება ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, რეგიონში და ნამდვილად საქართველოშიც. საჭიროა ამაზე დაკვირვება. მაგრამ ძალიან ნათლად მინდა ვთქვა, რომ ვხედავთ ქმედებებს, რომელსაც [საქართველოს] მთავრობა ახორციელებს. არ ვიცი რამდენად სარგებლობს რუსეთი იმით, რაც საქართველოში ხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ქმედებებს ქართველი ოფიციალური პირებისგან და არა რუსი ოფიციალური პირებისგან. ის, რასაც ისინი ჩადიან, შემაშფოთებელია. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ძალიან ნათლად გამოვხატავთ იმას, რომ ასეთ ქმედებებს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს.

ევროკავშირმა ყველა თავისი მცდელობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეაჩერა. ეს მინიშნება უნდა იყოს, ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, მინიშნება უნდა იყოს, რომ [ქვეყნის] ტრაექტორია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან შეუთავსებელია.

საქართველოსთან ერთად, საკმაოდ მოახლოებულია ამერიკის არჩევნებიც. იქნება ეს ჰარისის, თუ ტრამპის ადმინისტრაცია, ელოდებით თუ არა პოლიტიკის ცვლილებას საქართველოსთან მიმართებაში?

მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის, შევიწროების, დაშინების და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამ "აგენტების კანონის" მიხედვით დარეგისტრირების იძულება, შემაშფოთებელია.

არ შემიძლია ჩემი ქვეყნის პოლიტიკაზე საუბარი. ეს ჩემს უფლებამოსილებაში არ შედის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც აქამდე ვთქვი - ძალიან, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, უკვე ათეულობით წელია, საქართველოს ჰქონდა ფართო, ორპარტიული მხარდაჭერა [ამერიკის მხრიდან]. 2008 წელს, [რუსეთ-საქართველოს] ომის შემდეგ, მაშინ სენატორი ბაიდენი საქართველოში, საქართველოს აღორძინებაზე სასაუბროდ ჩავიდა.

სიგნალი, რომელიც მაშინ სენატორმა ბაიდენმა გააგზავნა, შემდეგ უკვე სწორად აღიქვეს ბუშის ადმინისტრაციაში და მალევე, საქართველომ მილიარდი დოლარის აღმშენებლობის პაკეტი მიიღო. ასე რომ [საქართველოს მხარდაჭერა] ბევრი წლის განმავლობაში ორპარტიული იყო და მექნებოდა მოლოდინი, რომ ეს ასეც გაგრძელდება.

როგორ ფიქრობთ, რა ეტაპზეა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ამ მომენტისთვის და რა ნაბიჯების გადადგმას ელოდება ამერიკა საქართველოსგან იმისთვის, რომ ქვეყნები ძველ ურთიერთობას დაუბრუნდნენ?

მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყნებისთვის ლექციების კითხვის პოზიციაში იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან რა არ უნდა გააკეთონ. მსოფლიოს უამრავი ქვეყანა იმ ტრაექტორიით მიდის, რაც მას სურს. თუმცა, თუ ქვეყანას სურს, რომ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში იყოს, რაც ნატოსა და ევროკავშირის წევრობას ნიშნავს, მაშინ არსებობს წინაპირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს და ორივე ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, დემოკრატიული სტანდარტების [დაკმაყოფილებაა საჭირო].

რამდენადაც თავად ქართველ ხალხს სურს, რომ მათი ქვეყანა საბოლოოდ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში იხილონ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავაკრიტიკოთ ის ნაბიჯები, რომლებიც ბოლო დროს ვნახეთ, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გეოპოლიტიკური ორიენტაცია სურს. მათ აქვთ შესაძლებლობა ოქტომბერში მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და საკუთარი აზრი გამოთქვან.

რომ შევაჯამოთ - რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები და რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ამერიკისგან სამომავლოდ?

თუ ის, რასაც ოქტომბერში ვნახავთ, თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, მაშინ, სამწუხაროდ, ეს შემაფერხებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის.

ყველა არჩევნები გადამწყვეტია, რადგან თითოეულს დემოკრატიული სულისკვეთებით დემოკრატიული ინსტიტუტების განახლების შესაძლებლობა აქვს.

ამავე პრინციპით, თუ არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, ნებისმიერი დემოკრატიული სისტემა შეიძლება დაიშალოს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თუ ის, რასაც ოქტომბერში ვნახავთ, თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, მაშინ, სამწუხაროდ, ეს შემაფერხებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის.

არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, ასე რომ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. თუმცა, ეს უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღების შეწყვეტით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროების დასრულებით და ადმინისტრაციული ძალის გამოუყენებლობით იმ დონეზე, რომ ამან აიძულოს ხალხს ხმა მისცეს [კონკრეტულ კანდიდატს].

თუ ეს ქმედებები შეწყდება, მაშინ შეგვიძლია გვქონდეს მოლოდინი, რომ არჩევნები, შესაძლოა, იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუ ეს ქმედებები გაგრძელდება, მაშინ პირიქით მოხდება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG