ბოლო ორ თვეში, საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ზედიზედ ორჯერ ჩავიდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ირან-საქართველოს ბოლო 32 წლიან, „თანამედროვე ურთიერთობაში“, რომელიც 1992 წლის მაისში, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით დაიწყო.
32 წლის მანძილზე, საქართველოს სულ სამი უმაღლესი პირი იმყოფებოდა, უმაღლესი დონის ვიზიტით თეირანში: 1993 წლის იანვარში, პრეზიდენტი შევარდნაძე პრეზიდენტ აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის შეხვდა; 2004 წლის ივლისში, პრეზიდენტი სააკაშვილი მოჰამედ ხათამიმ მიიღო და 2017 წლის აპრილში, პრემიერ კვირიკაშვილს ჰასან როჰანისთან ჰქონდა აუდიენცია.
კობახიძე თეირანში პირველად 22 მაისს ჩავიდა, 19 მაისს, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ირანის პრეზიდენტის - ებრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე; 30 ივლისს კი პრემიერი საგარეო მინისტრ დარჩიაშვილთან ერთად, თეირანს უკვე ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზექშიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად ეწვია.
ინაუგურაციაზე, კობახიძე ტერორისტული ორგანიზაციების „ჰამასის”, „ისლამური ჯიჰადისა” და „ჰეზბოლას“ ლიდერების კომპანიაში იჯდა, ხოლო ირანის მეჯლისზე მთელი ღონისძიების მანძილზე ისმოდა ყვირილი „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანი არის ქვეყანა, რომელიც 1978 წლის შემდეგ, ამოვარდნილია საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან, არის უმკაცრესი სანქციების ქვეშ. ამ სანქციებს მიერთებულია საქართველოც. რაც მთავარია ირანი არის ჩვენი მონაწინააღმდეგის რუსეთის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. ყველა ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ამ დონის ორი ვიზიტი ირანში, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაურად და გაუგებრად ჩანს“.გიორგი სანიკიძე, პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე
„ირანი არ არის საქართველოსთვის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პარტნიორი“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძემ.
მისი თქმით, „რა თქმა უნდა, ირანი ისტორიული მეზობელია და მასთან კეთილმეზობლული ურთიერთობა უნდა გვქონდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანი არის ქვეყანა, რომელიც 1978 წლის შემდეგ, ამოვარდნილია საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან, არის უმკაცრესი სანქციების ქვეშ. ამ სანქციებს მიერთებულია საქართველოც.
რაც მთავარია, ირანი არის ჩვენი მონაწინააღმდეგის რუსეთის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, ეს სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა. ყველა ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ამ დონის ორი ვიზიტი ირანში, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაურად და გაუგებრად ჩანს“.
კობახიძის ჩასვლას ირანში „გასაკვირი“ უწოდა, საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადიმ. „რაისის მეტსახელი თეირანში არის „ყასაბი თეირანიდან”. ეს ის კაცია, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან (ავიაკატასტროფაში დაღუპული ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი) ერთად, რომლებსაც ბევრი სისხლი აქვთ ხელებზე. მათ ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ გენოციდის აქტებზე, რადგან მათ აღჭურვეს „ჰამასი“ იარაღით და ასწავლის მათი გამოყენება.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამოგვრჩეს ირანის წარსული მცდელობები, განეხორციელებინა ტერაქტები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვნახეთ ეს დაკრძალვა, ვნახეთ ვინ დაესწრო მას, ვნახეთ „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები. გამიკვირდა, რომ ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს გასაკვირი იყო“ - ხაზი გაუსვა ისრაელის ელჩმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ირანში, კობახიძის ორივე ვიზიტის დროს გავრცელებული ინფორმაციის კორექტირება მოუხდა. 22 მაისს, პრემიერის ოფიციალური გვერდზე „ფეისბუქში“ ჯერ გამოქვეყნდა, შემდეგ კი წაიშალა ფოტო, სადაც ჩანს, რომ თეირანის აეროპორტში, საქართველოს პრემიერის და რუსეთის დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის თვითმფრინავები ერთმანეთის სიახლოვეს დგას.
იგივე მოხდა, 30 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციამ ჯერ გამოაქვეყნა და შემდეგ მალევე წაშალა ფოტო, სადაც ირაკლი კობახიძე ტერორისტული ორგანიზაციების „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერებთან: ისმაილ ჰანიესთან და ნაიმ ყასემთან ერთად დგას.
„ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო.ირაკლი კობახიძე
„ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი. იქ იყვნენ, მათ შორის, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი“ - ასე ახსნა ირანში ზედიზედ ორჯერ ჩასვლა ირაკლი კობახიძემ.
პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე თორნიკე გორდაძე მიიჩნევს, რომ კობახიძის ეს დემარში, საგარეო კურსის სრული შემობრუნების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.
„როდესაც ქვეყნის პირველი პირი მიდის, ამას აკეთებენ რაღაცისთვის ხაზის გასასმელად, რომ ჩვენ ახალი, განსაკუთრებული ურთიერთობები გვინდა ამ ქვეყანასთან – ირანთან, რომელიც არის რუსეთ-ირანის ღერძის შემადგენელი.
რუსეთი და ირანი ერთად იბრძვიან სირიაში, ისინი ებრძვიან დასავლურ ინტერესებს, მათ აქვთ საერთო ინტერესები სხვადასხვა სფეროში, უკრაინაში მიმდინარე ომში ირანი არის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რომელიც სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთს.
ეს არის საგარეო პოლიტიკური კურსის მთლიანი შებრუნება“თორნიკე გორდაძე
მაშინ, როცა უკრაინასთან სრულიად გაფუჭებული გვაქვს ურთიერთობა, იმ ფონზე, როცა დასავლეთს ფაქტობრივად ბრალს ვდებთ საქართველოს სუვერენიტეტის შებღალვაში, ვხვდებით იმ გარემოცვაში, როგორიც არის რუსეთი და ირანი. ეს არის საგარეო პოლიტიკური კურსის მთლიანი შებრუნება“ - ამბობს თორნიკე გორდაძე.
ირანში კობახიძის უმაღლესი დონის ვიზიტის დასრულებისთანავე, 31 მაისს, გამთენიისას, ისრაელის დაზვერვამ ის საცხოვრებელი სახლი ააფეთქა სადაც „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე იყო გაჩერებული, ჰანიე და მისი პირადი მცველი ადგილზევე დაიღუპნენ.