ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული სანქციები Georgia Petrochemical and Aviatech-ს - ვინ არიან საიდ ვალადბეიგი და ელმირა დარბინიანი?


სანქცირებული Georgia Petrochemical and Aviatech-ის დამფუძნებლები: ირანის მოქალაქეები ვალადბეიგი, მაზჰარი და თბილისელი დარბინიანი არიან
სანქცირებული Georgia Petrochemical and Aviatech-ის დამფუძნებლები: ირანის მოქალაქეები ვალადბეიგი, მაზჰარი და თბილისელი დარბინიანი არიან

თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე, საქართველოს მოქალაქე ელმირა დარბინიანის კერძო ბინაში რეგისტრირებული კომპანია - Georgia Petrochemical and Aviatech (შპს ჯორჯია პეტროქემიკალ ენდ ავიატექ), აშშ-ის ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიუროს (ISB) სასანქციო სიაში მოხვდა.

როგორც ISB-ს მრავალწლიანი გამოძიებით გაირკვა, 2008 წელს, თბილისში დაარსებული Georgia Petrochemical and Aviatech, რომლის დამფუძნებლებიც: ირანის მოქალაქეები საიდ ვალადბეიგი (60%), მოჰამმად რეზა მაზჰარი (20%) და თბილისელი ელმირა დარბინიანი (20%) არიან, ირანის ისლამური რესპუბლიკის უკანონო მომარაგების მიზნით შექმნილი, ფიქტიური კომპანიების დიდი ქსელის ნაწილი იყო.

ფიქტიური ქსელის გამოყენებით, ირანის მოქალაქე საიდ ვალადბეიგი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უკანონოდ, სპეციალური ლიცენზიის გარეშე, ბელგიის (Industrial Metals და Commodities) არაბეთის გაერთიანებული საემიროების (Super Alloys LLC და Emirates Alloys), ჰონკონგის, საქართველოს (Georgia Petrochemical and Aviatech) და მალაიზიის (NBH Industries) გავლით, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ ირანს, აკრძალული პროდუქციით ამარაგებდა.

კერძოდ საუბარია, უმაღლესი ხარისხის, ამერიკული წარმოების - ალუმინის მილებზე - 7075 T6 ტიპის შენადნობით, რომელიც, როგორც ურანის გამდიდრებისთვის საჭირო ცენტრიფუგის კომპონენტებისთვის, ისე სარაკეტო და აეროკოსმოსურ მრეწველობაში გამოიყენება. ასევე ამერიკული ტიტანის ფირფიტების ექსპორტზე.

„ამერიკის ხმა“ შეეცადა ელმირა დარბინიანთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. მის ბინაში მისულებს, სადაც სანქციებში მოყოლილი Georgia Petrochemical and Aviatech არის რეგისტრირებული, არავინ დაგვხდა.

იმავე მისამართზე: თბილისი, მოსკოვის პროსპექტი N 35, ბინა 30 - ელმირა დარბინიანს კიდევ სამი კომპანია: „ეირ ჯორჯია“, „ჯეო პეტრო“ და "პეტრო ტრანს კომპანია" აქვს რეგისტრირებული. აქ თავიდან დარბინიანი იყო მეპატრონე, შემდეგ კი 100% ირანის მოქალაქე რეზა მაზჰარს გადაუფორმა. იგივე სქემით აქვთ რეგისტრირებული დარბინიანსა და მაზჰარს შპს "ბიკარანგოსტარ" (BIKARANGOSTAR), მოსკოვის პროსპექტის - 24ა ნომერში.

Georgia Petrochemical and Aviatech, "პეტრო ტრანს კომპანიასა" და „ჯეო პეტროს“ სარეგისტრაციო დოკუმენტებში, ერთი და იგივე ელექტრონული ფოსტა - marat-077@mail.ru არის მითითებული. რაც მთავარია ირანის მოქალაქე მოჰამმად რეზა მაზჰარს, საქართველოს რესპუბლიკის პირადობის მოწმობა აქვს და მისამართად თბილისი, მოსკოვის პროსპექტი N 35, ბინა 30 აქვს მითითებული, სადაც ფიქტიური კომპანიებია რეგისტრირებული.

ირანის მოქალაქე მოჰამმად რეზა მაზჰარის საქართველოს პირადობის მოწმობა
ირანის მოქალაქე მოჰამმად რეზა მაზჰარის საქართველოს პირადობის მოწმობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გვიპასუხეს, მოხდა თუ არა მოქალაქე ელმირა დარბინიანის დაკითხვა და ირანელებთან მისი კავშირების შემოწმება.

ირანის მოქალაქე საიდ ვალადბეიგთან კავშირი, რომელიც ფიქტიური კომპანიების ქსელს ედგა სათავეში, ძვირად დაუჯდა ბელგიის მოქალაქე ნიკოლას კაიგას. იგი ირანელებს ამერიკული სანქციების გვერდის ავლაში აქტიურად ეხმარებოდა.

ვალადბეიგი და მისი პარტნიორები, მათ შორის კაიგა, უხეშად არღვევდნენ, აშშ-ს კანონმდებლობას ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ და ირანზე დაწებულ ემბარგოს. ასევე აშშ-ს კანონს - საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების შესახებ (International Emergency Economic Powers Act), რომელიც 20 წლამდე პატიმრობას და 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

ვალადბეიგი კაიგას დახმარებით, აშშ-დან სპეციალური ტვირთის ექსპორტის დროს უთითებდა, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი, თითქოს ბელგია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, მალაიზია ან საქართველო იყო. შემდეგ ხდებოდა, ტვირთის სხვა ქვეყანაში გადატანა, საექსპორტო დოკუმენტაციის შეცვლა, საბოლოოდ, ირანში ტრანსპორტირების მიზნით.

საიდ ვალადბეიგის პარტნიორი ბელგიელი ნიკოლას კაიგა 2014 წელს დააკავეს. მან ამერიკულ ციხეში 2 წელი და 3 თვე გაატარა
საიდ ვალადბეიგის პარტნიორი ბელგიელი ნიკოლას კაიგა 2014 წელს დააკავეს. მან ამერიკულ ციხეში 2 წელი და 3 თვე გაატარა

2014 წელს, აშშ-ის ფედერალურმა აგენტებმა ვალადბეიგის „მარჯვენა ხელი“, ბელგიელი ნიკოლას კაიგა დააკავეს, რომელიც ბრიუსელსა და ლონდონში ცხოვრობდა. იგი ვალადბეიგის დავალებით, აშშ-ში შეხვედრებს ხშირად მართავდა. კაიგამ წარდგენილი ბრალდების მხოლოდ ერთ პუნქტში სცნო თავი დამნაშავედ სცნო და 2 წლითა და 3 თვით, თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის მოხდის შემდეგ იგი აშშ-დან ბელგიაში იქნა დეპორტირებული.

ჩრდილოეთ ილინოისის ოლქის, ფედერალურ სასამართლოს მიერ თეირანელი საიდ ვალადბეიგის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებაში, თბილისში დაფუძნებული ფიტიური შპს Georgia Petrochemical and Aviatech ერთხელ არის ნახსენები.

2009 წლის მარტში, ვალადბეიგიმ ილინოისის შტატში, ჩიკაგოსთას ახლოს მდებარე, დასახლება ნორდბრუკში მდებარე ამერიკულ კომპანიას, Georgia Petrochemical and Aviatech-ის სახელით, ტიტანის ფირფიტების პარტია შეუკვეთა. 2009 წლის მაისში, ეს ტვირთი საქართველოში შემოვიდა და შემდეგ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გადაიგზავნა. მოგვიანებით, ტიტანის ფირფიტები დუბაიდან მალაიზიაში ჩავიდა, საიდანაც 2009 წლის ივნისში ირანში აღმოჩნდა.

გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდა ირანელების ფიქტიურ ქსელს და თავად საიდ ვალადბეიგს. მაგალითად, 2011 წელს, აშშ-ის ფედერალური ბიუროს და ვაჭრობის სამინისტროს აგენტებმა, ვალადბეიგის მიერ შეკვეთილი ალუმინის მილები, 7075 T6 ტიპის შენადნობით, რომელიც თითქოს ბელგიაში იგზავნებოდა, სპეციალურად 6061 ტიპის შენადნობის მილებით ჩაანაცვლეს. ამ ოპერაციის დროს აგენტები სწავლობდნენ ირანელებს კავშირებს.

ასეთი მასშტაბური ოპერაციის მიუხედავად, თავად ირანელი ბიზნესმენის დაკავება ფედერალურმა აგენტებმა ვერ მოახერხეს. 55 წლის თეირანელი საიდ ვალადბეიგს ჩიკაგოს სასამართლოში ბრალი 2016 წელს წარუდგინეს, მისი დაპატიმრების ორდენიც იმავე წელს გაიცა, იგი დღემდე აშშ-ში ძებნილად მიიჩნევა.

2018 წლის ივნისში, ჩრდილოეთ ილინოისის ოლქის, ფედერალურმა სასამართლომ გამოაქვეყნა საბრალდებო დასკვა, საიდანაც ჩანს, რომ დაპატიმრების და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საიდ ვალადბეიგს სულ მცირე, 25 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG