ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლაშა ბექაურის ზედიზედ მეორე ოლიმპიური ოქრო!


ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია!
ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია!

24 წლის ლაშა ბექაური მესამე ქართველი სპორტსმენი გახდა, რომელსაც ორი ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოგებული, მოჭიდავე ლევან თედიაშვილისა (მიუნხენი 1972, მონრეალი 1976) და ძალოსან ლაშა ტალახაძის (რიო 2016, ტოკიო 2020) შემდეგ.

ოლიმპიური ოქროს მოგებისთვის ბექაური 1 მილიონ ლარს მიიღებს
ოლიმპიური ოქროს მოგებისთვის ბექაური 1 მილიონ ლარს მიიღებს

ამ მაჩვენებლით, ეს სამეული, მხოლოდ მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ სპორტსმენს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მძლეოსან ვიქტორ სანეევს (მეხიკო 1968, მიუნხენი 1972, მონრეალი 1976) ჩამორჩება.

ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, ეს ოქროს ისტორიული მედალი თქვენია!   
ლაშა ბექაური

„ახლა წარმომიდგენია, საქართველოში რა ხდება! ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა, სიგიჟეა! არ ვიცი, არ ვიცი...სიზმარში ვარ მართლა. რაღაცა დაუჯერებელია! მადლობა ყველას, მიყვარხართ და იმედია ბედნიერები ხართ! დიდი ისტორია დაიწერა და უბედნიერესი ვარ“ - აღნიშნა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს, პარიზის მთავარი ტატამიდან გამოსულმა ლაშა ბექაურმა.

მას შემდეგ რაც, პარიზის თამაშებზე ქართველ ოლიმპიელს პირველი ოქროს მედალი გადაეცა და საქართველოს ეროვნული ჰიმნი პირველად აჟღერდა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ოფიციალურ ვებ-გვერდის მეშვეობით, ბექაურმა საკუთარ გულშემატკივარს მიმართა: "მინდა ჩემმა ხალხმა იცოდეს რომ ის ქართული გენი რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს. მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი და მადლობა უფალს! ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ! ეს ოქროს ისტორიული მედალი თქვენია და მიყვარხართ გულში!"

ლაშა ბექაური: "ქართული გენი ისევ არსებობს"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:18 0:00

მსოფლიო ძიუდოს არხილოსკალოელმა ვარსკვლავმა და 90 კგ წონით კატეგორიის პირველმა ნომერმა, ისევე როგორც 3 წლის უკან, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პარიზშიც ბრწყინვალედ იჭიდავა. ბექაურმა პარიზის თამაშებზე ასპარეზობა 1/8 ფინალიდან, ფავორიტის სტატუსით დაიწყო და პირველ შეხვედრაში ვაზარით ბულგარელ ივაილო ივანოვს აჯობა.

ბექაურმა ვაზარით დაამარცხა ბულგარელი ივაილო ივანოვი
ბექაურმა ვაზარით დაამარცხა ბულგარელი ივაილო ივანოვი

1/4 ფინალში, ქართველმა კიდევ უფრო ადვილად იმარჯვა, იპონზე სამხრეთ კორეელი ჯუ იეპ ჰანი დააგდო. ძალიან რთული გამოდგა ბექაურისთვის "ქართული ნახევარფინალი", სადაც ლაშა ესპანეთის სახელით მოჭიდავე თელაველ ტატო მოსახლიშვილს დაუპირისპირდა.

ბექაურს ამ შეხვედრაში ორი ვაზარი გააუქმეს, ამასთან წუთნახევრის შემდეგ, ორივე ძიუდოისტს ორ-ორი გაფრთხილება (შიდო) დაუგროვდა. ყველაფერი ერთ გდებას შეიძლება გადაეწყვიტა, მაგრამ საბოლოოდ, მოსახლიშვილმა შეხვედრის დასრულებამდე 36 წამით ადრე, მესამე შიდოც მიიღო, ნახევარფინალიდან ავტომატურად მოიხსნა და ბექაური ფინალში გავიდა.

ბექაური იპონზე აგდებს სამხრეთ კორეელ ჯუიეპ ჰანს
ბექაური იპონზე აგდებს სამხრეთ კორეელ ჯუიეპ ჰანს

ფინალი 90 კგ წონით კატეგორიაში, ძიუდოს ფუძემდებელ იაპონიის წარმომადგენელ სანშირო მურაოსთან ერთ-ერთი ყველაზე სანახაობითი ჭიდაობა გამოდგა. პარიზის შამპ-დე-მარს არენაზე, რომელიც მთლიანად გადაჭედილი იყო, თავიდან იაპონელი ვაზარით დაწინაურდა. პლუს ამას, არბიტრმა ბექაურს შიდო (გაფრთხილებაც) მისცა.

თუმცა, ბექაურმა ისევ დაამტკიცა, რომ ამ წონაში მსოფლიოში საუკეთესოა. ფინალის მეორე ნახევარი მთლიანად ქართველი ძიუდოისტის კარნახით წარიმართა. ლაშამ წუთნახევრით ადრე მურაო ვაზარიზე დააგდო, ფინალის დასრულებამდე ოთხი წამით ადრე, როცა ყველას ეგონა რომ შეხვედრა ოქროს ქულამდე გაგრძელდებოდა, ბექაურმა სანუკვარი გამარჯვების მომტანი გდება შეასრულა. ქართველმა ჯუდოკამ მეორე ოლიმპიური ოქრო მოიგო, რაც 24 წლის ასაკში უდიდესი მიღწევაა.

ბექაურის რთული ნახევარფინალი ესპანეთის სახელით მოჭიდავე ტატო მოსახლიშვილის წინააღმდეგ
ბექაურის რთული ნახევარფინალი ესპანეთის სახელით მოჭიდავე ტატო მოსახლიშვილის წინააღმდეგ

საქართველოს 31 ივლისისთვის, პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი აქვს და საერთო მედლების ჩათვლაში მე-12 ადგილი უჭირავს. ვერცხლიც ქვეყანას ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა მოუპოვა, რომელიც სამწუხაროდ, 82 კგ წონით კატეგორიაში, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.

ოქროს ფინალი: არხილოსკალოელი ლაშა ბექაურის ოქროს გდება იაპონელ სანშირო მურაოს წინააღმდეგ
ოქროს ფინალი: არხილოსკალოელი ლაშა ბექაურის ოქროს გდება იაპონელ სანშირო მურაოს წინააღმდეგ

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის თამაშებზე ასპარეზობას აგრძელებს და მედლების მოპოვებას სპორტის სხვა სახეობებშიც ეცდება. არაჩვეულებრივი შანსი, მესამე ოლიმპიური ოქრო მოიგოს და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ვიქტორ სანეევს გაუთანაბრდეს, ძალოსან ლაშა ტალახაძეს აქვს, იგი ოქროსთვის 10 აგვისტოს იბრძოლებს.

ლაშა ბექაურის ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, საქართველოს უკვე 39 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს! აქედან, 11-მა ოლიმპიური ოქრო - საქართველოს ეროვნული დროშით მოიგო, სამმა - გაერთიანებული გუნდის ოლიმპიური დროშით და ოცდახუთმა ქართველმა ოლიმპიელმა - საბჭოთა დროშით.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი პირველად აჟღერდა
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი პირველად აჟღერდა
ბექაური (საქართველო) - ოქრო, მურაო (იაპონია) - ვერცხლი, წელიდისი (საბერძნეთი) - ბრინჯაო, ჰამბუ (საფრანგეთი) - ბრინჯაო
ბექაური (საქართველო) - ოქრო, მურაო (იაპონია) - ვერცხლი, წელიდისი (საბერძნეთი) - ბრინჯაო, ჰამბუ (საფრანგეთი) - ბრინჯაო
XS
SM
MD
LG