გასულ საუკუნეში დაფიქსირებული მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდა XXI საუკუნის დასაწყისში, როგორც ჩანს, შენელდა. მაგრამ განვითარებად ქვეყნებში გაუმჯობესებული საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მაღალი შობადობის გამო მსოფლიოს მოსახლეობა კვლავინდებურად წელიწადში დაახლოებით 80 მილიონი ადამიანით იზრდება.
ახლახან გამოქვეყნებული 2010 წლის მსოფლიოს მოსახლეობის აღწერის ანგარიშის თანახმად, მდიდარ ქვეყნებში სამუშაო ძალა მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოებს მოსახლეობის მზარდი მოხუცი ნაწილის შენახვა ძალიან გაუჭირდებათ. ხოლო ღარიბი ქვეყნების უმრავლესობაში საპირისპირო სურათი შეინიშნება - იქ მოსახლეობა გაცილებით უფრო ახალგაზრდაა და სწრაფად იზრდება, რაც, თავის მხრივ, სიღარიბეს აღვივებს და გარემოს საფრთხეს უქმნის.
2010 წელს მსოფლიოს მოსახლეობა 6.9 მილიარდს შეადგენს, რაც ძირითადად განვითარებად ქვეყნებში დემოგრაფიული ზრდის ტემპებით განისაზღვრება.
„მსოფლიოს ეს ნაწილი დიდი პრობლემების წინაშე დგას მაღალი შობადობის გამო, რაც მომდევნო თაობებს უსათუოდ გაურთულებს ცხოვრებას,“ აღნიშნავს ბილ ბუცი, ვაშინგტონში მდებარე კვლევითი ჯგუფის მოსახლეობის აღწერის ბიუროს პრეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ორგანიზაცია ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს მოსახლეობის აღმწერ მონაცემთა კრებულს.
წლევანდელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლოს უღარიბეს განვითარებად ქვეყნებზე მოდის დაახლოებით 20 მილიონი იმ 80 მილიონიდან, რომლითაც ყოველწლიურად იზრდება კაცობრიობა. მოსახლეობის აღწერის ბიუროს უფროსი დემოგრაფი და მონაცემთა კრებულის თანაავტორი კარლ ჰაუბი აღნიშნავს, რომ 2050 წლისათვის მხოლოდ აფრიკაში მოსახლეობის ზრდის გამო მსოფლიოს მოსახლეობა 1 მილიარდი ადამიანით გაიზრდება.
„ჩვენ ამ პროგნოზირებას ვაკეთებთ იმაზე დაყრდნობით, რომ ამჟამად აფრიკაში შობადობის მაჩვენებლები ეცემა და რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მაგრამ ბევრ შემთხვევაში ჩვენ ახლა ვრწმუნდებით, რომ ეს უბრალოდ რეალობას არ შეესაბემება,“ აღნიშნა ჰაუბმა.
დემოგრაფების პროგნოზების თანახმად, ადრე თუ გვიან მაღალი შობადობა განვითარებად ქვეყნებში განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს მიუახლოვდება. მაგრამ 2010 წლის მონაცემთა კრებულის თანახმად, 2050 წლისათვის მსოფლიოს მოსახლეობის ზრდაში ყველაზე დიდ წვლილს ანუ 1.3 მილიარდ ადამიანს აზიის რეგიონი შეიტანს. ეს მთავრობებს დიდი პრობლემების წინაშე დააყენებს, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში როგორიც არის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და განათლების უზრუნველყოფა და მზარდი და ახალგაზრდა მოსახლეობის ეკონომიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება. ხოლო განვითარებულ სამყაროში სულ სხვა მდომარეობა შეინიშნება. ქრონიკულად დაბალი შობადობის პირობებში სამუშაო ძალის შემცირება მდიდარი ქვეყნების მზარდი მოხუცი მოსახლეობის შენახვას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
ამ მიზნით კარლ ჰაუბი გერმანიას ეთიოპას ადარებს. ორივე სახელმწიფოში მოქალაქეთა რიცხვი დაახლოებით თანაბარია, მაგრამ მსგავსება ამით მთავრდება. 2050 წლისათვის ეთიოპიის მოსახლეობა 85 მილიონიდან 174 მილიონამდე გაზირდება. ხოლო ამავე პერიოდის მანძილზე გერმანიის მოსახლეობა 82 მილიონიდან 72 მილიონამდე შემცირდება. ამასთან დაკავშირებით კარლ ჰაუბი აღნიშნავს:
„ეთოპიაში ყოველწლიურად 3.3 მილიონი ბავშვი იბადება. გერმანიაში კი 650,000. დაუკვირდით ჩვილი ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელს. ყოველ 1,000 ჩვილ ბავშვზე ეთიოპიაში 77 იღუპება, ხოლო გერმანიაში ეს მაჩვენებელი 3.5 შეადგენს.“
ჰაუბი აღნიშნავს, რომ დაბალი შობადობის გამო გერმანია სამუშაო ძალის შემცირებასთან დაკავშირებით სულ უფრო ბევრი პრობლემის წინაშე დადგება.
„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ გერმანიაში სამუშაო ასაკის ყოველ სამ პირზე ერთი პენსიის ასაკის პირი მოდის. ამდენად იქ სოციალური უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებში უკვე შეიქმნა კრიზისული მდგომარეობა და გერმანელები ამ გარემოებას კარგად ათვიცნობიერებენ,“ განაცხადა კარლ ჰაუბმა.
გამოქვეყნებული ანგრიშის მიხედვით, ევროპა მსოფლიოს პირველი რეგიონი იქნება, სადაც ქალთა ნაყოფიერების გრძელვადიანი დაკნინება დამკვიდრდება. ევროპაში ამჟამად სამუშაო ასაკის ყოველ ოთხ პირზე 65 წელს გადაცილებული ერთი პირი მოდის. ეს შეფარდება 2050 წლისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება და გახდება ორი ერთზე. იაპონიაც და სამხრეთ კორეაც მსგავსი პრობლემების წინაშე დადგებიან, აღნიშნავს ჯეიმს გრიბე, მოსახლეობის აღწერის ბიუროს საერთაშორისო პროგრამების ვიცე პრეზიდენტი.
შეერთებულ შტატებში 2050 წლისათვის 65 წელს გადაცილებული პირების რიცხვი 40 მილიონიდან 89 მილიონამდე გაიზრდება, ანუ მოსახლეობის ეს ნაწილი თითქმის გაორმაგდება. ხოლო შეერთებული შტატების საერთო მოსახლეობა ამჟამინდელი 310 მილიონიდან 420 მილიონს გადააჭარბებს იმისდამიხედვით თუ როგორ განვითარდება საიმიგრაციო ნაკადები, აღნიშნავს მოსახლეობის აღწერის ბიუროს საშინაო პროგრამების ვიცე პრეზიდენტი ლინდა ჯაკობსენი.
2010 წლის მსოფლიო მოსახლეობის მონაცემთა კრებულში წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია 200-ზე მეტ ქვეყანაზე. ანგარიშში შეკრებილი მონაცემები ეყრდნობა დემოგრაფიულ გამოკვლევებს და სამთავრობო და საერთაშორისო სააგენტოების სტატისტიკურ გამოთვლებს. მოსახლეობის აღწერის ბიუროს პრეზიდენტი ბილ ბუცი იმედოვნებს, რომ ანგარიშში მოცემული დასკვნები მსოფლიო საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს უფრო მკაფიო წარმოდგენას შეუქმნის მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებული მომავალი გამოწვევების შესახებ, რომელიც გლობალურ ჯანდაცვაზე, ეკონომიკასა და გარემოზე გავლენას მოახდენს.