ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ფედერალური გრანტების, სესხების და სხვა დახმარების პროგრამებს დროებით აჩერებს


მემორანდუმის თანახმად, რომელიც სააგენტო „როიტერმა“ ნახა, ტრამპის ადმინისტრაციამ დროებით შეაჩერა თეთრი სახლის მენეჯმენტის და ბიუჯეტის ოფისის გრანტების, სესხების და სხვა ფინანსური დახმარების პროგრამები, რამაც კონგრესის დემოკრატების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

მემორანდუმი ეხება ტრამპის მიერ გასულ კვირაში ხელმოწერილ საპრეზიდენტო განკარგულებებს, მათ შორის განკარგულებებს, რომელიც ეხება პროგრამებს, რომლებიც დაკავშირებულია DEI (მრავალფეროვნება, თანასწორობა, ჩართულობა) პოლიტიკასთან.

„ამ შუალედურ პერიოდში, შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობების ფარგლებში, ფედერალურმა სააგენტოებმა დროებით უნდა შეაჩერონ ყველა აქტიურობა, რაც დაკავშირებულია ყველა ფედერალური ფინანსური დახმარების ვალდებულებასთან ან გაცემასთან და ამასთან შემხებლობის მქონე სააგენტოს სხვა საქმიანობა, რომელზეც შესაძლოა საპრეზიდენტო განკარგულებებს გავლენა ჰქონდეს, მათ შორის და არა მხოლოდ, საგარეო დახმარებისთვის ფინანსური მხარდაჭერა, არასამთავრობო ორგანიზაციები, DEI (მრავალფეროვნება, თანასწორობა, ჩართულობა), “woke” სქესობრივი იდეოლოგია და ახალი მწვანე შეთანხმება“, დაწერა მემორანდუმში მენეჯმენტის და ბიუჯეტის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მეთიუ ჯეი ვაეთმა.

მემორანდუმის თანახმად, დროებით შეჩერება ძალაში 28 იანვარს, 17:00 საათზე შედის.

კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის დემოკრატმა კანონმდებლებმა მემორანდუმის შესახებ ცნობას წერილით უპასუხეს, რომლითაც მენეჯმენტის და ბიუჯეტის ოფისისგან გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

სააგენტოებმა 10 თებერვლამდე უნდა წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია ნებისმიერ პროგრამებზე, პროექტებზე და საქმიანობებზე, რომელიც დროებით შეჩერებას ექვემდებარება, ნათქვამია მემორანდუმში.

მემორანდუმი ასევე ამბობს, რომ დროებით შეჩერება ადმინისტრაციას მისცემს დროს, რათა სააგენტოს პროგრამებს გადახედოს და დაადგინოს იმ პროგრამების დაფინანსების გამოყენების საუკეთესო გზები, რაც კანონს და ტრამპის პრიორიტეტებს შეესაბამება.

ამასთან ერთად, ანალიზის დასრულებამდე, სააგენტოებმა დახმარების პროგრამებისთვის კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ქმედებები ან შესრულების ვადები უნდა დაასახელონ.

ვაეთმა ფედერალურ სააგენტოებს მიუთითა შეაჩერონ ყველა საქმიანობა, რაც დაფინანსების შესაძლებლობების ღია (განსახილველ) განცხადებებთანაა დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG