რამდენიმე დღეში დასავლეთ ნახევარსფეროში მთვარის სრულ დაბნელებას და მის მთლიანად გაწითლებას ელიან. 13 მარტს დედამიწა მთვარეს დაჩრდილავს და მას წითლად გააფერადებს, რაც "სისხლიანი მთვარის" ფენომენადაა ცნობილი.
ამერიკელებს ე.წ. წითელი მთვარისთვის - მთვარის დაბნელებისთვის თვალის მიდევნება 13 მარტის საღამოდან 14 მარტის გათენებამდე შეეძლებათ. ასტრონომების ცნობით, საუკეთესო ხედები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მყოფებს ექნებათ, თუმცა, ნაწილობრივ ამ ფენომენზე დაკვირვება აფრიკისა და ევროპის კონტინენტის გარკვეულ ნაწილშიც იქნება შესაძლებელი.
მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როცა მთვარე, დედამიწა და მზე ერთ ხაზზე დამწკრივდებიან. მთვარის სრული დაბნელების ყველაზე შთამბეჭდავი რამ მისი ფერია. როდესაც მთვარე სრულად მოექცევა დედამიწის ჩრდილში, ის გაუჩინარების ნაცვლად, ფერს შეიცვლის. მზის სინათლის სხივები მთვარის ზედაპირზე დედამიწის ატმოსფეროს გავლით მიაღწევს და უმეტესწილად წითელი ფერის იქნება.
"ნასას" ცნობით, მთვარისა და მზის დაბნელება წელიწადში 4-7-ჯერ ხდება. მთვარის ნაწილობრივი დაბნელება ამერიკაში, აფრიკასა და ევროპაში გასული წლის სექტემბერში მოხდა, მთვარის ბოლო სრული დაბნელება კი - 2022 წელს წელს.