ვაშინგტონი დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის ემზადება, რომელიც მომავალ კვირას, 20 იანვარსაა დაგეგმილი. ცერემონიაზე დასასწრებად მისული ასობით ათასი ადამიანის შესამოწმებლად 48 კილომეტრი სიგრძის მაღალი ღობე, შესამოწმებელი პუნქტები და 25 ათასი სამართალდამცავი იქნება მობილიზებული.
ორშაბათს, კაპიტოლიუმის კიბეზე ფიცის დადების ცერემონია და თეთრი სახლისკენ აღლუმი გაიმართება.
ინაუგურაცია განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებით ჩატარდება, ვინაიდან ინაუაგურაციამდე პერიოდში რამდენიმე თავდასხმა მოხდა როგორც არჩეულ პრეზიდენტზე, ისე უბრალო მოსახლეობაზე. საარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპის მკვლელობა ორჯერ სცადეს. მათ შორის, ერთი თავდამსხმელის ტყვია მას ყურზე შეეხო. ახალი წლის დღეს კი რიგით ამერიკელებს დაესხნენ თავს. ერთი თავდასხმის დროს 14 ადამიანი მოკლეს, როდესაც ახალ ორლეანში თავდამსხმელი პიკაპით მოზეიმე ხალხის ჯგუფში შევარდა. იმავე დღეს, ლას-ვეგასში, მოქმედმა ჯარისკაცმა “ტესლას” კიბერ პიკაპი ტრამპის სახელის მატარებელი სასტუმროს წინ ააფეთქა და თავი მოიკლა.
უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ ინაუგურაციის წინააღმდეგ არანაირი კონკრეტული, კოორდინირებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, მაგრამ მათ მარტოდ მოქმედი კონკრეტული პირები აშფოთებთ, ისეთი, როგორიც ახალი ორლეანის შემთხვევაში, ან გასულ კვირას ორ ცალკეულ შემთხვევაში იყო. კაპიტოლიუმის პოლიციის თანახმად, ერთ შემთხვევაში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც კაპიტოლიუმის შენობაში მაჩეტეს შეტანა სცადა. მეორე შემთხვევაში დააკავეს პირი, რომელიც კაპიტოლიუმის სიახლოვეს ცეცხლის დანთებას ცდილობდა.
“დამოუკიდებლად მოქმედი პირისგან მომდინარე საფრთხე არის იმ გაძლიერებული სიფხიზლის ყველაზე დიდი გამართლება, რომელსაც მომავალი კვირის განმავლობაში მივმართავთ”, თქვა თათბირზე კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსმა თომას მანგერმა.
ვაშინგტონის სამთავრობო უბნის დიდი ნაწილი, თეთრი სახლიდან კაპიტოლიუმამდე დაახლოებით 3 კილომეტრი, საავტომობილო მოძრაობისთვის დაიკეტება. შესასვლელი წერტილები ბეტონის ბარიერებით, ნაგვის მანქანებით და სხვა მძიმეწონიანი საგნებით გადაიკეტება.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში არსებული 34,500 სასტუმრო ნომრის, დაახლოებით, 70 პროცენტი ინაუგურაციისა და მისი წინა დღისთვის, გასულ კვირას უკვე დაჯავშნილი იყო. ტრამპის 2017 წლის ინაუგურაციის დროს, სასტუმროები 95 პროცენტით შეივსო. 2013 წელს ობამას მეორე ინაუგურაციის დროს კი 78 პროცენტით.