ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით, შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი სამეული 5 მარტს მექსიკის საზღვარზე ჩავიდა. ტეხასის მოსაზღვრე ქალაქ იგლ-პასში ვენსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ არაერთხელ გამოთქმული დაპირება საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრებასთან დაკავშირებით და ისაუბრა ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე.
შეხვედრაზე ვენსმა ასევე დაარწმუნა რიგითი ამერიკელები იმაში, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები მექსიკაში შეჭრას არ გეგმავენ. ვიცე-პრეზიდენტს თან ახლდა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი.
ვენსის მექსიკის საზღვარზე ჩასვლას წინ უძღოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართვა ერისადმი, სადაც მან დაპატიმრებისა და დეპორტაციის პროგრამაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. პრეზიდენტმა მექსიკური ნარკოკარტელები უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად დაასახელა. ვენსის განმარტებით, კარტელების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანა "საშუალებას მოგვცემს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები სრულად გამოვიყენოთ და ისინი საზღვრის დაცვაში ჩავრთოთ".
დონალდ ტრამპმა ერისადმი მიმართვაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამერიკის სასაზღვრო უსაფრთხოებაზე და იმიგრაციაზე. თქვა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ინაუგურაციის დღიდანვე დაიწყო ამერიკის ისტორიაში ყველაზე ყოვლისმომცველი სასაზღვრო და საიმიგრაციო ძალისხმევა.
"ჩვენ სწრაფად მივაღწიეთ ყველაზე დაბალ ციფრებს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. მედია და ჩვენი მეგობრები დემოკრატიულ პარტიაში ამბობენ, რომ საზღვრის დასაცავად ახალი კანონმდებლობა გვჭირდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაც მართლა გვჭირდებოდა, ახალი პრეზიდენტი იყო", - თქვა ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა.
"საზღვრის უსაფრთხოების და ნარკოტრეფიკინგის შესაზღუდი ძალისხმევისთვის, კონგრესს მე დაფინანსების დეტალური მოთხოვნა გავუგზავნე, რომელიც კონკრეტულად ასახელებს, ზუსტად როგორ აღმოვფხვრით ამ საფრთხეებს, დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და დავასრულებთ ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციას ამერიკის ისტორიაში, იმაზე ფართომასშტაბიანს, რაც ამ დრომდე მოქმედი რეკორდსმენის - დუაიტ ეიზენჰაუერის დროს იყო - მოკრძალებული კაცის, მაგრამ კაცის, რომელსაც ძალიან მტკიცედ სჯეროდა საზღვრების. ამერიკელები ელიან კონგრესისგან, რომ მან მე ეს დაფინანსება დაყოვნების გარეშე მომცეს, რომ მას ხელი მოვაწერო და კანონად ვაქციო",- თქვა ტრამპმა.