ამერიკელმა კანონმდებლებმა სენატში დანახარჯების შემცირების შესახებ ახალ ზომებს მისცეს ხმა, რომელიც სამთავრობო უწყებებს ფუნქციონირების გაგრძელების საშუალებას 30 სექტემბრამდე მისცემს. ამ ზომებისგან დამოუკიდებლად გრძელდება სეკვესტრის სახელწოდებით ცნობილი პირველ მარტს დაწყებული ავტომატური საბიუჯეტო შეკვეცები, რომელიც არაერთ უწყებას დახურვით ემუქრება.
მერილენდის ქალაქ ფრედერიკში საჰაერო მიმოსვლის კონტროლის ცენტრი ამჟამად მთელი დატვირთვით მუშაობს. თუმცა სეკვესტრის შემდეგ, ისევე, როგორც ბევრ მცირე ზომის აეროპორტში, ფრედერიკშიც ზოგიერთი საკონტროლო კოშკურა დაიკეტება. მამი ამბროზი 11 წელია კონტროლიორად მუშაობს. ის იმ 7 მთავრობის კონტრაქტორ თანამშრომელს შორისაა, ვინც სამსახურს კარგავს.
(Ambrose ACT)
“ჩვენ არმიის ვეტერანები ვართ და მაინც პოლიტიკოსთა გაუთავებელი თამაშების გამო ქუჩაში გვაგდებენ. აბა სხვა რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი? უმუშევარი ვრჩებით და სამსახურის მძებნელთა გრძელ რიგს ვუერთდებით“ - ამბობს მამი.
ფრედერიკში მცხოვრებთა 20 პროცენტი უშუალოდ, ან არაპირდაპირ ფედერალურ მთავრობაზე მუშაობს. ქალაქის ყველაზე დიდი დამსაქმებელი იქ ფორტ-დეტრიკია. ეს არის სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევითი ორგანიზაცია, რომელშიც 10 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. ფრედერიკი პანიკამ მოიცვა. ისინი სეკვესტრის დრამატულ შედეგებს ელოდებიან, რომელიც ვაშინგტონზე და მის მიმდებარე რეგიონებზე თანდათან უფრო აისახება.
ქალაქის მერი რენდი მაკლემენტი დანარჩენ მოხალისეებთან ერთად დაბალშემოსავლიან პენსიონრებს ცხელ საჭმელს ურიგებს. ქალაქის თავს ეშინია, რომ ფედერალური შეკვეცები სოციალური დახმარების პროგრამებსაც მნიშვნელოვნად შეამცირებს და ყველაზე უქონელი მოსახლეობა კიდევ უფრო დაზარალდება.
(McClement ACT)
“ის ხალხი, ვინც მოხალისედ გვეხმარება და უუნარო პენსიონრებს დღეს საჭმელს ურიგებს, საკუთარი მომავლით და საკვებითაც არის შეშფოთებული. ისინი უკვე დამატებით ნახევარ შტატიან სამუშაოს ეძებენ. შესაბამისად მსგავს ადგილებში მოხალისედ მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ“ - ამბობს ფრედერიკის მერი.
მისი თქმით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ არავის, არც ხელისუფლებაში და არც მოსახლეობაში სეკვესტრის შედეგებზე სრული წარმოდგენა არ აქვს. არავინ იცის ზუსტად, რამდენი სამსახური შეიკვეცება ან რამდენად შემცირდება არსებული ხელფასები.
(McClement ACT)
“ისინი ჩვენ ქალაქში ცხოვრობენ, აქ საქმიანობენ, აქ ყიდულობენ ყველაფერს. ხელფასი ერთი დღის ანაზღაურებითაც რომ შეუმცირდეთ, მომსახურებაც შემცირდება, გაყიდვაც, ბიზნესით შემოსული მოგებაც. ასე წარმოგვიდგენია საერთო ზარალი ფრედერიკის მუნიციპალიტეტში“ - აღნიშნავს რენდი მაკლემენტი.
რიჩარდ გრიფინი ქალაქის ეკონომიკური განვითარების დირექტორია. მას მიაჩნია, რომ საქმე არც ისე ცუდად იქნება, რადგან მართალია, ფრედერიკი პატარა, სულ 65 ათასიანი ქალაქია, მაგრამ მას წელიწადში საშუალოდ მილიონნახევარი ადამიანი სტუმრობს.
(Griffin ACT)
“ეკონომიკა ჩვენთან დივერსიფიცირებულია. ტურიზმის სექტორი საკმაოდ ძლიერი გვაქვს. შეკვეცები და ხელფასის შემცირებები, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ კატასტროფა არ მოხდება“ - ამბობს რიჩარდ გრიფინი.
ადგილობრივი ბიზნესმენების ნაწილიც ოპტიმისტურადაა განწყობილი და თვლიან, რომ საბოლოო ჯამში სიტუაცია გამოსწორებადია.
(Hurwitz ACT)
მათ შორისაა იუველირი ჯეფ ჰარვიცი, ადგილობრივი ბიზნესის მფლობელი, რომელიც ამბობს, რომ ხალხი მალე მიხვდება, რომ პრობლემა არც ისე უსაშველოა და ცხოვრება ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდება.
ფრედერიკს ახლახან საგანგებო პრიზი გადასცეს. ეს არის იმ იშვიათი ამერიკული ქალაქებისთვის დაწესებული ჯილდო, რომელთაც ეკონომიკური რეცესიის შემდეგ მდგომარეობის გამოსწორება შეძლეს. ბევრ ფრედერიკელს სჯერა, რომ შექმნილი სიტუაციიდან ღირსეული გამოსავლის მოძებნას ამჯერადაც მოახერხებენ.