ამერიკის რამდენიმე შტატში ამ დღეებში, დაახლოებით 3-4 დღის განმავლობაში, ანომალური სიცხეებია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა 40-44 გრადუსის ფარგლებში იქნება, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის დასაშვებ ნორმას აჭარბებს.
ძლიერ სიცხეებს ელოდებიან ნიუ-იორკშიც, სადაც რამდენიმე წუთის წინ, ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ სპეციალისტებთან ერთად პრესონფერენცია გამართა. მერი ამბობს, რომ ნიუ-იორკში უკვე გახსნილია საჯარო “გაგრილების” ცენტრები.
“ქალაქის მასშტაბით გახსნილია ათობით “გაგრილების ცენტრი”, სადაც შეუძლიათ მივიდნენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გაგრილების სხვა საშუალება,”- ამბობს ნიუ-იორკის მერი.
გაგრილების ცენტრების ქალაქის ხუთივე რაიიონში - მანჰეტენზე, ქუინსში, ბრონქსში, ბრუკლინსა და სტეიტენ აილენდზე - მდებარეობს. დეტალური რუქა კი https://maps.nyc.gov/oem/cc/-ზეა გამოქვეყნებული.
სპეციალისტები მოსახლეობას მზეზე დიდხან გაჩერებისგან თავის შეკავებას და დიდი რაოდენობით სითხის მიღებისკენ მოუწოდებენ, საჭიროების შემთხვევაში კი 311-ზე და 911-ზე დარეკვისკენ მოუწოდებენ.
“შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი და თუ მაჩვენებელი 39 გრადუსს აჭარბებს, იცოდეთ, რომ ეს საშიშია. ამიტომ, გირჩევთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი წყალი, შეეცადეთ თავი შეიკავოთ ტკბილი და გაზიანი სასმელის მიღებისგან. ეცადეთ დააბნელოთ ოთახები და ჩართეთ გაგრილების სისტემები. შეეცადეთ არ გამოიყენოთ ღუმელი. თუ თქვენ ან თქვენს მეზობელს გჭირდებათ დახმარება, აუცილებლად დარეკეთ 311-ზე ან 911-ზე,”- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო განხადებაში.
მაღალი სიცხეებიდან გამომდინარე, ნიუ-იორკის სახანძრო სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, თუ სურთ რომ მათ შენობასთან არსებული საგანგებო “სახანძრო ონკანი” გახსნან, ადგილობრივ სახანძრო სამსახურს მიმართონ დახმარების თხოვნით და ისინი ონკანის გახსნაში დაეხმარებიან.
Facebook Forum