შეერთებული შტატების კონგრესის გამომძიებლებმა ხუთშაბათს, მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატების ტექსტური გზავნილები გამოაქვეყნეს. ამ მიმოწერის მიხედვით, მათ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, დაჟინებით მოსთხოვეს ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის საქმის გამოძიება, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურდა.
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა გამომძიებლებმა ეს ტექსტები, უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი საგანგებო დესპანის, კურტ ვოლკერის კონგრესში გამოკითხვის შემდეგ გამოაქვეყნეს. ვოლკერის ჩვენება ხუთშაბათს მთელი დღე, თითქმის 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
სატელეფონო მიმოწერა აჩვენებს ვოლკერსა და ორ სხვა ამერიკელ დიპლომატს შორის მსჯელობას იმის შესახებ, თუ როგორ მოაგვარონ პრეზიდენტ ტრამპის თხოვნა ჯო ბაიდენის, 2020 წლის არჩევნებში ტრამპის მთავარი პოტენციური მეტოქის და მისი ვაჟის, ჰანტერის საქმის გამოძიების შესახებ.
პრეზიდენტმა ბაიდენს ბრალი დასდო, რომ მან თანამდებობა ბოროტად გამოიყენა და უკრაინაზე წნეხი განახორციელა, რათა კიევს შეეწყვიტა კრიმინალური საქმის გამოძიება, რომელიც შესაძლო იყო, მის შვილს შეხებოდა.
პრეზიდენტ ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 25 ივლისს შემდგარი სატელეფონო საუბარი ანონიმური საჩივრის საბაბი გახდა, რომლის საფუძველზეც წარმომადგენელთა პალატაში საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო.
ზელენსკისთან საუბრამდე ერთი კვირით ადრე, ტრამპის უშუალო მითითებით, გაიყინა ამერიკის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის გამოყოფილი, კონგრესის მიერ დამტკიცებული დახმარება, რომელიც 391 მილიონ დოლარს აღწევს. დიპლომატების ერთ-ერთი ტექსტური გზავნილიც აჩვენებს, რომ კურტ ვოლკერი ზელენსკის თანაშემწეს, ბაიდენზე გამოძიების დაწყების სანაცვლოდ, ზელენსკის ვაშინგტონში მიწვევას პირდებოდა.
ჯო ბაიდენი, რომელიც გამოკითხვების მიხედვით, დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატთა ლიდერია, საკუთარ რეპუტაციას იცავს და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. თეთრ სახლს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ბრალეულობის დამადასტურებელი ინფორმაცია დღემდე არ გამოუქვეყნებია.
არც პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ რაიმე არასწორად გააკეთა და რომ მისი ქმედება იმპიჩმენტის საფუძველი შეიძლება გახდეს. ის უკრაინის პრეზიდენტთან საუბარზე ამბობს, რომ "უნაკლო" იყო, მოწინააღმდეგეებს "მოღალატეებს" უწოდებს და მათ "შეთქმულების" მოწყობაში ადანაშაულებს.
Facebook Forum