შეერთებული შტატების სენატის დაზვერვის კომიტეტი 2018 წლის შუალედური არჩევნების უცხოელი ჰაკერებისგან დასაცავად, პრევენციული ღონისძიებების გატარების ინიციატივით გამოდის.
იდეის ავტორები არიან კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი რიჩარდ ბარი ჩრდილოეთ კაროლინიდან და ვიცე-თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ვირჯინიიდან მარკ უორნერი. ისინი დღეს საგანგებო პრესკონფერენციას მართავენ, რომელზეც საარჩევნო ინფრასტრუქტურის მუშაობის გაუმჯობესების წინადადებებით გამოდიან.
ხვალ ამერიკის სენატში დაზვერვის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება, რომელზეც განიხილავენ 2016 წლის არჩევნებზე რუსეთის ჰაკერული თავდასხმების მცდელობებს და მათზე შტატების და ფედერალური უწყებების რეაგირებას. შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის აგენტების სამიზნე 21 შტატის საარჩევნო სისტემები იყო.
პარალელურად, მიმდინარეობდა კრემლის მიერ მართული, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ამერიკელების დამყოფი და მათ შორის დაძაბულობის ზრდაზე გათვლილი პუბლიკაციები. დაზვერვის ოფიციალური პირების ინფორმაციით, არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი მორიგი იერიშისთვის ემზადება.
არსებული მონაცემებით, ჰაკერების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს 2016 წლის არჩევნებზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია. თუმცა, უცხოეთის აგენტების მხრიდან მცდელობებიც კი საგანგაშოა და სპეციალისტების აზრით, შესაბამისი პრევენციული ზომების მიღებას საჭიროებს.
Facebook Forum