თალიბანმა ავღანეთის 34 პროვინციის დედაქალაქების უმრავლესობის აღება, დაახლოებით, 9 დღეში მოახერხა. ქაბულში 15 აგვისტოს დილით შევიდა.
როგორ განვითარდა მოვლენები:
18 აგვისტო: "ლუფთანზას" ავიახაზების პირველი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც გერმანიის მოქალაქეები, აქტივისტები და ის ავღანელები იმყოფებოდნენ, რომლებიც მოკავშირეთა ძალებს წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ, ფრანკფურტში დაეშვა.
17 აგვისტო: თალიბანის თანადამფუძნებელი და ლიდერის მოადგილე, მულა აბდულ ღანი ბარადარი ავღანეთში დბრუნდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ამ დრომდე 3200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახერხა. ოთხშაბათს კვლავ 5 000-დან 9 000-მდე ადამიანის ევაკუირება იგეგმება.
თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოება დააკვირდება, თუ როგორ შეასრულებს თალიბანი ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებას.
თალიბანი კი პირობას დებს, რომ ქალთა უფლებებს პატივს სცემს, თუმცა "ისლამური კანონების ფარგლებში". მხარეებს კი ინკლუზიური მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მათ საჯარო მოხელეებს სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდეს და თქვეს, რომ მათ საყოველთაო ამნისტიის გამო არაფერი ემუქრებათ.
ორშაბათს ქაოსის გამო ქაბულის აეროპორტში ფრენები რამდენიმე საათით შეწყდა, თუმცა სამშაბათს მიმოსვლა აღდგა და ქვეყნებმა საკუთარი დიპლომატებისა და სამოქალაქო პირების ევაკუაცია განაგრძეს. შინ დაბრუნდა ინდოეთის 140 მოქალაქეც.
16 აგვისტო: პირდაპირ სატელევიზიო ეთერში პრეზიდენტი ბაიდენი ერის წინაშე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ გადაწყვეტილებას არ ნანობს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა იბრძოდნენ და იხოცებოდნენ ომში, რომელში ბრძოლაც თავად ავღანელებს არ სურთ. ათასობით ავღანელი საერთაშორისო აეროპორტს მიაწყდა. ამერიკელ ჯარისკაცებს რამდენჯერმე გამაფრთხილებელი გასროლაც მოუხდათ.
15 აგვისტო: 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ავღანეთში მოქმედ ყველა მხარეს მოუწოდებს მისცენ უფლება ავღანელებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დატოვონ ავღანეთი, თუკი ამის სურვილი აქვთ. მულა აბდულ ღანი ბარადარმა, თალიბანის თანადამფუძნებელმა კვირას თქვა, რომ დაჯგუფება მოქალაქეების სიცოცხლესა და კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი ცხოვრება უკეთესი გახდეს.
15 აგვისტოსვე თალიბანის მებრძოლებმა ქაბულის ცენტრალური პოზიციები და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განცხადება გაავრცელა, რომ ის თავის გუნდთან ერთად ქვეყანას "სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით" ტოვებდა.
ამავე დღეს თალიბანის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ მებრძოლებმა ბაღრამის საჰაერო ბაზა და პარვანის ციხე ჩაიგდეს ხელში და პატიმრები გაათავისუფლეს. ბაგრამში, სადაც ამერიკის და მოკავშირეების უმთავრესი ბაზა მდებარეობდა, თალიბანის წევრი ან "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული 5 000-მდე საშიში პატიმარი იმყოფებოდა.
Facebook Forum