ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ


პრეზიდენტის დღეზე ფილ ბუტოსმა ტელევიზორი $29-ად შეიძინა. ტრინიდადი, კოლორადოს შტატი, აშშ. 22 თებერვალი, 1954 წ.
პრეზიდენტის დღეზე ფილ ბუტოსმა ტელევიზორი $29-ად შეიძინა. ტრინიდადი, კოლორადოს შტატი, აშშ. 22 თებერვალი, 1954 წ.

შეერთებული შტატები 17 თებერვალს პრეზიდენტის დღეს აღნიშნავს. დღესასწაული თავდაპირველად დამფუძნებელ მამად წოდებულ ლიდერს, მის პირველ პრეზიდენტს, ჯორჯ ვაშინგტონს მიეძღვნა და ახლადდაფუძნებული სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეზე აღინიშნება.

ჯორჯ ვაშინგტონი 22 თებერვალს დაიბადა, მაგრამ პრეზიდენტის დღე მოძრავი დღესასწაულია და ის თებერვლის ყოველ მესამე ორშაბათს აღინიშნება. ახლა ის კიდევ ერთ პრეზიდენტთან, აბრაამ ლინკოლნის სახელთანაც ასოცირდება.

ამერიკის გამორჩეული ლიდერის, ქვეყნის მე-16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის დაბადების დღეც თებერვალშია. ის 12 თებერვალს დაიბადა და ქვეყანას ურთულეს პერიოდში, სამოქალაქო ომის დროს მართავდა.

კონგრესის გადაწყვეტილებით, 1968 წლიდან შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის დღე უქმე დღედ არის გამოცხადებული. დასაქმებულთა დიდი ნაწილი, მაგალითად, ფედერალურ უწყებათა თანამშრომლები, თუ ბანკები და ბევრი სხვა ორგანიზაცია-დაწესებულება ამ დღეს ისვენებს. თუმცა, ეს დღესასწაული დასვენების დღეს არ ნიშნავს სავაჭრო ორგანიზაციებში, რესტორნებსა და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეერთებულ შტატებში კიდევ ერთხელ მოიგონებენ თავის პირველ პრეზიდენტს, მისი დაბადებიდან 293 წლის შემდეგ, ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, დღესასწაულმა პირვანდელი მნიშვნელობა გარკვეულწილად დაკარგა და როგორც სხვა დასვენების დღეების უმეტესი ნაწილი, კონსიუმერიზმის პიკად იქცა.

”ის ვაშინგტონის გარშემო უნდა ტრიალებდეს, მაგრამ შეგიძლიათ ნამდვილად მიუთითოთ რაიმეზე, რაც მას მოგაგონებთ”? - კითხულობს ისტორიკოსი ალექსის კოი. ის ავტორია წიგნისა "არასდროს გავიწყდება პირველი: ჯორჯ ვაშინგტონის ბიოგრაფია".

ვინაიდან დღესასწაული ზამთარშია, ის ნაკლებად ასოცირდება ხალხმრავალ შეკრებებთან, პიკნიკებთან, თუ აღლუმებთან. მაგრამ, ამ დღესასწაულზე კომპანიები მომხმარებლებს, როგორც წესი, საგანგებო და საგულისხმო ფასდაკლებებს სთავაზობენ, რის გამოც ვაჭრობა ამ დღეებში განსაკუთრებით ინტენსიურდება და ეკონომიკაც მეტად წახალისებულია.

საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ "დღესასწაული კომერციულმა და კერძო ინტერესებმა დაიპყრო", - ამბობს ისტორიკოსი სი ელ არბელბაიდი. ის წუხს, რომ ისტორიული მომენტების მოგონებებისა და "რეფლექსიისთვის დრო აღარ რჩება".

სეთ ბრუგერმენი, ტემპლის უნივერსიტეტის პროფესორი ფიქრობს, რომ დამფუძნებელ მამებს ეს არ მოეწონებოდათ. ”ისინი ძლიერ ღელავდნენ კორპორაციებთან დაკავშირებით”, - ამბობს ბრიუგემენი. ”მათი აკრძალვა კი არ სურდათ, მაგრამ კორპორაციებს ისინი პატარა რესპუბლიკებად აღიქვამდნენ, რომლებიც პოტენციურად საფრთხეს ქვეყნის ძალაუფლებას უქმნიდნენ".

ვაშინგტონი წინ მიუძღვოდა ქვეყანას, რომელიც მომავალში შეერთებულ შტატებად იქცა და მას ურთულეს პერიოდში, რევოლუციური ომის დროს და მის შემდგომ რთულ პერიოდში ხელმძღვანელობდა. ვაშინგტონის მეთაურობით დასრულებულ, ექვსწლიან ომში გამარჯვებით, დამთავრდა ქვეყნის კოლონიური წარსული და ამერიკა ახალი მომავლის, წარმომადგენლობითი დემოკრატიის მშენებლობის გზას დაადგა.

მოკლედ ვაშინგტონისა და ლინკოლნის დამსახურებაზე

ჯორჯ ვაშინგტონს სამართლიანად უწოდებენ ქვეყნის დამფუძნებელ მამას. ის არამარტო წარმატებული სამხედრო ლიდერი იყო, არამედ სავსებით კანონზომიერად, მისი ქმედებები ომისშემდგომ სამოქალაქო ცხოვრებაში უნიკალურ პრეცედენტს ქმნიდა. ვაშინგტონმა ერი ჯანსაღ ფინანსურ საფუძველზე ააშენა და ხელმძღვანელობდა სრულიად ახალბედა სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. საწყის ეტაპზე, სამშობიარო ტკივილების ფონზე, ვაშინგტონის ძალისხმევით დაიბადა და სწრაფად ჩამოყალიბდა სტაბილური, დემოკრატიული და კანონიერი ხელისუფლება.

ორი ოთხწლიანი ვადის შემდეგ, თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებით და მის ნაცვლად არჩეული ლიდერისთვის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველყოფით, ვაშინგტონმა მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა ყველა მომდევნო პრეზიდენტისთვის. რომ არა ვაშინგტონის ლიდერობა, დიდი ალბათობით, შეერთებული შტატები ვერ ჩამოყალიბდებოდა იმ სახელმწიფოდ, რომელიც ის დღესაა.

ქვეყნის ფუნდამენტის მშენებლობაში არანაკლები როლი ითამაშა აბრაამ ლინკოლნმა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ შეერთებული შტატები სამოქალაქო ომის დროს დანაწევრებას და დაშლას გადაურჩა. ლინკოლნის უნარმა, შემოეკრიბა და გაეერთიანებინა საზოგადოებრივი აზრი ჩრდილოეთის შტატებში და მიეღწია პოლიტიკური კონსენსუსისთვის მონობის გაუქმების აუცილებლობის საკითხზე, გადამწყვეტი როლი ითამაშა სეპარატისტულად განწყობილი შტატების დამარცხებაში და ქვეყნის საბოლოო, მანამდე არნახული გაერთიანება გამოიწვია.

სამოქალაქო ომამდე შეერთებული შტატები ძლიერი პოლიტიკური სუბიექტების ნაკრები იყო, რომელიც შედარებით სუსტი ცენტრალური მთავრობის ქვეშ იყო გაერთიანებული. ლინკოლნის შემდეგ კი ის გადაიქცა მტკიცე სახელმწიფოდ, რომელიც ოთხწლიანი სისხლისმღვრელი ბრძოლებიდან ძლიერი ცენტრალური მმართველობით გაერთიანებული გამოვიდა.

XS
SM
MD
LG