ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კავანას გამო გამართული ბრძოლა, შუალედურ არჩევნებში დაპირისპირებას ამწვავებს


შეერთებული შტატების კონგრესში შუალედურ არჩევნებამდე ოთხ კვირაზე ნაკლები რჩება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ბრეტ კავანას დამტკიცების თაობაზე ცხარე ბრძოლამ, ორივე წამყვანი პოლიტიკური პარტიის აქტივისტები გამოაცოცხლა, თუმცა ამას როგორი საბოლოო გავლენა ექნება, ჯერ კიდევ გაურკვეველია.

რესპუბლიკელები ამბობენ, რომ კავანას საქმეზე ბრძოლამ ისინი გააძლიერა, განსაკუთრებით სენატისთვის ბრძოლის იმ საკვანძო შტატებში, სადაც 2016 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

დემოკრატები ამის საპირწონედ ამბობენ, რომ კავანას სკანდალმა და სენატში მის დამტკიცებაზე ბრძოლის შედეგმა ბევრი ქალი ამომრჩეველი გააბრაზა, რაც სავარაუდოდ, ნოემბრის არჩევნებზე დემოკრატების აქტიურობას გაზრდის და წარმომადგენელთა პალატაზე რესპუბლიკელთა კონტროლს დაემუქრება.

ვირჯინიის უნივერსიტეტის ანალიტიკოსმა კაილ კონდიკმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ კავანას საკითხზე ფურორმა და მოზარდ ასაკში სექსუალური ხასიათის გადაცდომაში ბრალდებამ, რაც მან უარყო, შესაძლოა „იარაღი“ მისცეს სენატის არჩევნებისთვის იმ რესპუბლიკელ კანდიდატებს, რომლებიც იმ შტატებში, სადაც ამომრჩეველთა სიმპათიები რესპუბლიკელებისკენ იხრება, მოქმედი დემოკრატი სენატორების დამარცხებას გეგმავენ.

თუმცა კონდიკმა იქვე დაამატა: „შესაძლოა მაშინ, როდესაც არჩევნების დრო დადგება, კავანას ისტორიამ ვერაფერი შეცვალოს“. კონდიკმა თქვა, რომ წელს, ბევრი სხვა დინება დემოკრატების სასარგებლოდაა, განსაკუთრებით წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლოს მოპოვებისთვის ბრძოლაში.

კონგრესში უმრავლესობის დასაბრუნებლად, დემოკრატებს 23 ადგილის მოპოვება სჭირდებათ, სენატში უმრავლესობისთვის კი 2 ადგილი.

ტრამპი და მისი ერთგული ამომრჩეველები

კავანას მოსამართლედ დამტკიცების პროცესი მწვავე და წინააღმდეგობრივი იყო და ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ის ტრამპის გამარჯვებად იქცა. ახლა, რესპუბლიკელი ამომრჩევლისთვის სტიმულის მისაცემად, პრეზიდენტი კავანას საქმეზე ბრძოლიდან გამომდინარე აღშფოთებას იყენებს.

ცოტა ხნის წინ, კანზასის შტატის ქალაქ ტოპეკაში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას, ტრამპმა მათ მიმართა: „6 ნოემბერს, რესპუბლიკური წარმომადგენელთა პალატის და რესპუბლიკური სენატის არჩევით, რადიკალი დემოკრატები უნდა შეაჩეროთ. ისინი სწორედ ასეთად გარდაიქმნენ... ჩვენ, ჩვენს უმრავლესობას გავზრდით.“

კავანა ხმების მცირე უპირატესობით, 50-ით 48-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. კენჭისყრის შემდეგ, სენატის რესპუბლიკელმა ლიდერმა მიჩ მაკკონელმა თქვა, რომ პარტია კავანას დასაცავად გამოვიდა და შუალედურ არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, ენთუზიაზმი შესამჩნევად გაიზარდა.

მაკკონელმა თქვა: „ვფიქრობ ამან ადრენალინის ისეთი დოზა მოგვცა, რომლის სხვაგვარად მიღების გზას ვერ ვპოულობდით.“

გააქტიურებული დემოკრატები

მაგრამ კავანას საკითხზე ბრძოლამ დემოკრატებიც გაააქტიურა, რომელთაც მიაჩნიათ, რომლებსაც კალიფორნიელი პროფესორის, ბლეისი ფორდის ჩვენების სჯეროდათ და სექსუალური ხასიათის გადაცდომის ბრალდებების სრული გამოძიება სურდათ.

სენატში დებატების და კენჭისყრის დროს, დემონსტრანტები ქუჩებში გამოვიდნენ. მათ ბევრმა დემოკრატმა სენატორმა დაუჭირა მხარი, მათ შორის ელიზაბეთ უორენმა მასაჩუსეტსიდან.

უორენმა თქვა: „სექსუალური ძალადობის მილიონობით მსხვერპლის ხმა ავამაღლეთ. უარი ვთქვით ვიყოთ ისეთი ქალი, რომელიც ჩუმად ზის“.

სხვა დემოკრატებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ პროტესტების სიმწვავე ნოემბრის არჩევნებს გადაედება.

სენატორმა კალიფორნიიდან, კამალა ჰარისმა თქვა: „მოდი ამ კვირაში გამოვიყენოთ მთელი დამატებითი ენერგია, რომელიც ვიცით რომ გვაქვს. უნდა გვახსოვდეს მთავარი, შესაძლოა ამჯერად ძალაუფლება მათ აქვთ, მაგრამ ჩვენ ის უკან უნდა დავიბრუნოთ“. ჰარისი და უორენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პოტენციური პრეტენდენტები არიან.

განსხვავებული გავლენა

კონდიკმა თქვა, რომ კავანას საკითხზე დაპირისპირებამ, შესაძლოა ნოემბრის არჩევნების წინორივე პარტია თავისებურად გაააქტიუროს.

„შესაძლოა ამ მტრული განწყობის ნაწილი რესპუბლიკელებში რჩება და შუალედური არჩევნებისთვის ის გამაერთიანებელი ლოზუნგია... თუმცა, ვფიქრობ ისტორია და გამოკითხვის მონაცემები გვეუბნება, კავანას და სხვა საკითხების გამო დემოკრატები უფრო აღგზნებულნი არიან“.

იმ დროს, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში წარმატების მიღწევას დემოკრატებს უწინასწარმეტყველებენ, ბოლო დღეებში, სენატისთვის ზოგიერთ საკვანძო რბოლაში, რესპუბლიკელებმა გარკვეული წინსვლა აჩვენეს.

გამოკითხვების მიხედვით, სენატისთვის რბოლაში რესპუბლიკელები ლიდერობენ ტეხასში, ტენესიში და ჩრდილოეთ დაკოტაში, სადაც მოქმედი სენატორი ჰეიდი ჰაიტკემპი ცდილობს იმ შტატის შენარჩუნებას, რომელიც 2016 წელს, ტრამპის მხარეს ძლიერად გადაიხარა.

ნათელი არ არის, თუ კავანას დამტკიცებისთვის ბრძოლით გამოწვეული უარყოფითი შედეგები, ამ შტატებში რესპუბლიკელებს აძლიერებს, მაგრამ პარტიის ბევრ ოფიციალურ პირს სჯერა, რომ ეს ასეა.

თუმცა, შესაძლოა კავანას ფაქტორმა, წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლისთვის ბრძოლაზე ბევრად განსხვავებულად იმოქმედოს.ჯიმ კესლერი, მემარცხენე-ცენტრისტულ ჯგუფ „მესამე გზიდან“ ამბობს, რომ კონგრესისთვის ყველაზე დაძაბული ბრძოლა გარეუბნების ოლქებში იქნება, სადაც ქალ ამომრჩევლებს გადამწყვეტი როლი ექნებათ.

კესლერი ამბობს: „არის ამომრჩეველთა ჯგუფი, ხანდაზმული ქალები, რომელიც რესპუბლიკელებისთვის კარგი მხარდამჭერი ჯგუფი იყო. ისინი რესპუბლიკელებისთვის ზურგის შექცევას იწყებენ და ვფიქრობ, შეიძლება ეს არჩევნებში გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს.“

„გელაპის“ საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ფრენკ ნიუპორტი ამბობს, რომ შესაძლოა კავანას საქმეზე ფოკუსირებამ, ტრამპის ერთგული მხარდამჭერები გაააქტიუროს.

ნიუპორტმა თქვა: „ის ციფრებს უყურებს და ხედავს, რომ ერთგული მხარდამჭერების გარდა, ყველგან ცუდი შედეგები აქვს. ამიტომ, საკუთარი ფსიქოლოგიური კომფორტისთვის და მისივე განსაკუთრებული ხასიათის ეგოს დასაკმაყოფილებლად ამბობს, „კარგი, მხოლოდ იმას დავინახავ, თუ რა კარგად მაქვს საქმე მხარდამჭერებთან და მხოლოდ მხარდამჭერებს დაველაპარაკები“. მისი ქმედების ლოგიკის ერთი ნაწილი ეს არის.“

ეს არჩევნები შეიძლება იმის მაჩვენებლად იქცეს, შეძლებენ თუ არა ტრამპის ერთგული მხარდამჭერები გაუძლონ ოპოზიციური დემოკრატების და დამოუკიდებლების დიდ საარჩევნო აქტიურობას, რომლებსაც 6 ნოემბერს ტრამპისთვის გზავნილის მიწოდება სურთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG