ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“მამა! მამა!” - ამერიკაში იმიგრანტი ბავშვების მოთქმა გამოქვეყნდა


საემიგრაციო პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა აზრით, ბავშვების მშობლებთან დაცილება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.
საემიგრაციო პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა აზრით, ბავშვების მშობლებთან დაცილება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

საგამოძიებო ჟურნალისტიკის ვებგვერდზე “პროპუბლიკა” (ProPublica) ორშაბათს, 8-წუთიანი ემოციური აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა. მასში უსაბუთო იმიგრანტ მშობლებს დაცილებული ბავშვების წივილ-კივილი და ტირილი ისმის. ისინი შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთ სასაზღვრო პუნქტზე არიან დაკავებული.

“მამა! მამა!” - ისმის ჩანაწერში, რომელშიც პატარები ესპანურ ენაზე მშობლებთან დაბრუნებას იხვეწებიან. ერთ-ერთი 6 წლის სალვადორელი გოგონა ტირილით ითხოვს, თუ მშობლები არა, იქნებ დეიდა მაინც ანახონ, რომელიც მას იქიდან წაიყვანს. ჯგუფური მოთქმა-გოდების ფონზე, სასაზღვრო პატრულის წარმომადგენელი მამაკაცი ამბობს: “ჩვენ აქ მთელი ორკესტრი გვყავს, მარტო დირიჟორი გვაკლია”.

აუდიოჩანაწერს პოლიტიკურ წრეებში და მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით აქტიურობენ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უსაბუთო იმიგრანტებისადმი გამოცხადებული, ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები.

ვებგვერდი “პროპუბლიკა” აცხადებს, რომ მათ ჩანაწერი ადამიანის უფლებათა ადვოკატმა ჯენიფერ ჰარბარმა გადასცა. ადვოკატის თქმით, აუდიო დაკავების ცენტრიდან გასულ კვირას გამოიტანეს. მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, ამერიკის საზღვრებზე ათასობით ასეთი ბავშვია დაკავებული, რომლებიც მშობლებს ძალით დააცილეს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის არ დაუშვებს ამერიკის “მიგრანტთა ბანაკად” გადაქცევას. “ის რაც ევროპაში ხდება… ამას შეერთებულ შტატებში ვერ დავუშვებთ” - თქვა პრეზიდენტმა თეთრი სახლიდან გაკეთებულ განცხადებაში.

განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ტრამპი მოვლენებს სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გამოეხმაურა. მან მაგალითად გერმანია მოიყვანა და საემიგრაციო კრიზისი მზარდ დამნაშავეობას დაუკავშირა. თუმცა, გერმანიის მთავრობის სტატისტიკური მონაცემებით, დამნაშავეობა ბოლო 30 წლის მანძილზე იქ ყველაზე დაბალია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG