ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ სამშაბათს მიღებული ორპარტიული კანონმდებლობის თანახმად, თურქეთის იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის აგრესიულ ქმედებებზე არიან პასუხისმგებელნი, სანქციები უნდა დაუწესდეთ. გარდა ამისა, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა აღიარებულ იქნას მათ გენოციდად. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ დაუყოვნებლივ დაიბარეს ამერიკის ელჩი ამ საკითხზე სასაუბროდ. სამინისტრომ საჯარო განცხადებაც გაავრცელა, სადაც ამ ქმედებას ნატოს ალიანსის შემართებისა და პრინციპების საწინააღმდეგოს უწოდებს და ამბობს, რომ ამერიკელმა კანონმდებლებმა თავისი რიტორიკითა და ქმედებებით ტერორიზმი დააკანონეს. თურქეთი სირიელ ქურთებს ქვეყნის შიგნით მცხოვრები ქურთი სეპარატისტების მსგავსად, ტერორისტებად მიიჩნევს.
აქტის ერთ-ერთი ნაწილი, რომლის თანაავტორებიც პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ელიოტ ენგელი და რესპუბლიკელი მაიკლ მაკკოლი არიან, თურქეთის იმ მაღალჩინოსნების დასჯას გულისხმობს, რომლებიც ჩრდილოეთ სირიაში შეჭრასა და ქურთების წინააღმდეგ უფლებადამრღვევი ქმედებების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელნი.
ელიოტ ენგელი ამ აქტს ახასიათებს, როგორც მცდელობას, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სირიაში განხორციელებული ქმედებებისთვის პასუხი აგოს.
პალატამ ამ საკანონმდებლო აქტს 403 ხმით 16-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
Facebook Forum