ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატივი ეცით "მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას", - ამერიკის ელჩი კობახიძეს მიმართავს


ამერიკის საელჩო საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და მოუწოდებს მთავრობას, "პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად".

გავრცელებულ განცხადებაში შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგენი წერს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეჭვქვეშ აყენებს მთავრობის ერთგულებას დასავლეთის კურსის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

"ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა,"- წერია განცხადებაში.

ამერიკის ელჩი ეხმაურება თბილისში გვიან ღამით განივთარებულ მოვლენებსაც, რომლის დროსაც ათობით აქციის მონაწილე, ჟურნალისტი და სამართალდამცავი დაშავდა. რობინ დანიგენი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ იძალადა.

"გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად.

მტკიცედ მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია.

მთავრობაზეა დამოკიდებული გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია უჭერენ მხარს,"- წერია განცხადებაში.

საპოლიციო ძალებმა 28-29 ნოემბერს ათობით ჟურნალისტს შეუშალა ხელი მუშაობაში. მედიის რამდენიმე წარმომადგენელმა, რომელთა შორისაა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი გურამ როგავა, სერიოზული დაზიანებები მიიღეს. როგავამ მძიმე დაზიანებები მიიღო თავისა და სახის არეში და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

როგავას პირდაპირ ერთერში მუშაობისას, როცა მას ხელში მიკროფონი ეკავა, სპეცრაზმელი გაუსწორდა, ხელი დაარტყა თავის არეში რის შედეგადაც ჟურნალისტი ძირს დაეცა და იძულებული გახდა შეეწყვიტა პირდაპირ ეთერში მუშაობა. დაზიანებები მიიღეს "ტელეკომპანია პირველის" ჟურნალისტებმა ნატა და ნანუკა ქაჯაიებმა და მათთან ერთად მომუშავე ოპერატორებმაც.

სპეცრაზმელი პირდაპირ ეთერში გაუსწორდა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს დავით ცაგარელსაც, რის გამოც "ფეისბუქზე" შეწყდა "რადიო თავისუფლების" პირდაპირი ეთერი.

სამართალდამცავებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს "ოსე მედიის" და "პუბლიკას" ჟურნალისტებსაც. პოლიციელები მათი ტექნიკის დაზიანებას, დამტვრევას ცდილობდნენ.

ღამის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ათობით ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG