12 დეკემბერს შეერთებულ შტატებში სირიის ციხის ყოფილ უფროსს, ბრალი ასადის მთავრობის მოწინააღმდეგეთა წამებაში წაუყენეს.
72 წლის სამირ უსმან ალშეიხი, რომელიც შეერთებულ შტატებში 2020 წლიდან იმყოფება, სავარაუდოდ დამასკოს ცენტრალური ციხის უფროსი იყო, რომელიც ადრა ციხის სახელითაცაა ცნობილი. ის ციხეს დაახლოებით 2005-2008 წლებში მართავდა, სადაც პატიმრებს „სადამსჯელო ფრთაში“ შემაძრწუნებლად ეპყრობოდნენ.
მას ბრალი ასადის ქვეყნიდან გაქცევიდან რამდენიმე დღეში წაუყენეს.
კალიფორნიის შტატში ამერიკელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ალშეიხმა პატიმრებს პირადად მიაყენა მძიმე ფიზიკური და მორალური ტკივილი და ასევე უბრძანა თანამშრომლებს მსგავსი ქმედებები ჩაედინათ.
ალშეიხს წამების სამ ეპიზოდში და წამების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის ერთ ეპიზოდში ედება ბრალი. ის ივლისში, ლოს-ანჯელესის აეროპორტში, საიმიგრაციო თაღლითობის ცალკე საქმეზე დააკავეს.
დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, წამების ყოველ ეპიზოდზე მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ალშეიხი შეერთებულ შტატებში 2020 წელს გადასახლდა და 2023 წელს მოქალაქეობის მისაღებად მიმართა.