რუსეთი ლიბიის მთავრობას სირიის ოპოზიციის დაქვემდებარებაში მყოფი მეომრების გაწვრთნაში ადანაშაულებს.
რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით სირიელ მეამბოხეებს ლიბიის სამხედრო ბანაკებში ამზადებენ და შემდეგ ისევ სირიაში ბაშარ ალ-ასადის მთავრობასთან საბრძოლველად აგზავნიან.
ეს ბრალდებები გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაახმოვანა, რომელსაც ლიბიის პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა.
ვიტალი ჩურკინი და რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია შეშფოთებას გამოხატავენ კადაფის დამხობის შემდეგ ლიბიაში არსებული იარაღის ამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გავრცელების გამო.
თარჯიმნის მიერ გახმოვანებული ბატონი ჩურკინის განცხადებით: „ჩვენი ინფორმატორები გვატყობინებენ, რომ ლიბიის მთავრობის ხელშეწყობით ამ ქვეყანაში სპეციალური ბანაკი შეიქმნა, სადაც სირიელ რევოლუციონერებს ამზადებენ და შემდეგ უკან აგზავნიან კანონიერ მთავრობასთან საბრძოლველად. ეს ყოვლად მიუღებელია და ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. ჩვენი მონაცემებით ალ-ყაიდა სირიაში აქტიურად მოქმედებს და ვშიშობთ, რომ ეს რევოლუციის ექსპორტთან ერთად ტერორიზმის ექსპორტსაც გამოიწვევს.“
ვიტალი ჩურკინს არ დაუზუსტებია, თუ რა წყაროებზე დაყრდნობით მტკიცდება ლიბიაში სირიის ოპოზიციის მეომრების არსებობა.
მოსკოვი არ მალავს უკმაყოფილებას ნატოს და საერთაშორისო საზოგადოების მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში ლიბიასთან დაკავშირებული რეზოლუციის გატანის გამო, რომელიც ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ითვალისწინებდა. ამ რეზოლუციის შედეგად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერის წყალობით მოხერხდა მუამარ კადაფის 42 წლიანი დიქტატურის დამხობა ლიბიაში.
სირიაში მიმდინარე სახალხო აჯანყების შემთხვევაში რუსეთი დაჟინებით გამოდის საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის წინააღმდეგ და ლიბიის გამოცდილება უარყოფით მაგალითად მოჰყავს ამასთან დაკავშირებით.
რუსეთის ელჩი, ლიბიაში ნატოს ავიაციის მოქმედების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებაც კი ალაპარაკდა. ამ გარემოებამ გაეროში შეერთებული შტატების ელჩის სუზან რაისის აღშფოთება გამოიწვია.
მისი თქმით:“ ვწუხვარ, რომ რუსები ნატოს წინააღმდეგ ამ მოძველებულ და თითიდან გამოწოვილ ბრალდებას ისევ იმეორებენ უშიშროების საბჭოში. მინდა შევახსენო რუს კოლეგებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ნატოს მოქმედება ლიბიაში დადებითად შეაფასა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა მსხვერპლი მშიდობიან მოსახლეობაში.“
ქალბატონმა რაისმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დამცავმა კომისიამ ვერ აღმოაჩინა რაიმე დარღვევები ამ თვალსაზრისით.
თავის მხრივ ლიბიის პრემიერ-მინისტრმა აბდელრახიმ ელ-კაიბმა აღნიშნა, რომ ლიბიის მთვარობამ ამასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა და რაიმე დარღვევები ვერ აღმოაჩინა. მისი თქმით ლიბიის მაგალითი არ უნდა გახდეს საერთაშოროსო საზოგადოების შემაფერხებელი, როდესაც გადამწყვეტი მოქმედება იქნება საჭირო.
თარჯიმნის მიერ გახმოვანებული ბატონი ელ-კაიბის განცხადებით:“ ვიმედოვნებ, რომ ეს არ გამოიწვევს საერთაშორისო საზოგადოების უმოქმედობას იმ შემთხვევაში, როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას დაუნდობლად ჟლიტავს საკუთარი ქვეყნის მთავრობა.“
ამ დღეებში გაეროს წარმომადგენელი ვალერი ამოსი, როგორც იქნა დაუშვეს სირიის ქალაქ ჰომსის ბაბა ამრის გარეუბანში. მისი თქმით იქაურობა მთლიანად დანგრეულია, ქალაქი დაცლილია მოსახლეობისგან და ქუჩებში დღემდე ისმის სროლის ხმა.