ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პრეზიდენტი სირიასთან თანამშრომლობაზე საუბრობს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, 18 დეკემბერი, 2024 წ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, 18 დეკემბერი, 2024 წ.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა დაინტერესებულია სირიაში ვითარების დასტაბილურებით და სჯერა, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და რუსეთის განდევნისთვის უმნიშვნელოვანესია.

"ჩვენ მადლიერნი ვართ ყველა ქვეყნისა და ყველა ლიდერის, ვინც ახლა მზადაა დაეხმაროს სირიის საზოგადოებას, აღიდგინოს ნორმალური ცხოვრება და ააშენოს ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები", - დაწერა ზელენსკიმ "X"-ზე 23 დეკემბერს, და პირობა დადო, რომ სირიას სურსათის უსაფრთხოების კუთხით დაეხმარება.

"ჩვენ ვმუშაობთ სირიელი ხალხის წარმომადგენლებთან ერთად იმისთვის, რომ გამოსწორდეს ასადის რეჟიმის მიერ დაშვებული შეცდომები, კონკრეტულად კი უკრაინასა და მთელ ევროპასთან დაკავშირებით", - თქვა მან.

სირიის ყოფილ პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს თავშესაფარი რუსეთმა შესთავაზა, დამასკოზე კონტროლი კი ამბოხებულებმა დაამყარეს. კრემლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსკოვს აქვს კომუნიკაცია სირიის ახალ მთავრობასთან როგორც დიპლომატიური, ისე - სამხედრო მიმართულებით. მოსკოვს სირიაში, განსაკუთრებით, საზღვაო და საჰაერო ბაზის ბედი აღელვებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ "X"-ზე გაკეთებულ განცხადებაშივე, კიდევ ერთხელ დაგმო ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის თანამშრომლობა. რუსეთი საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მათ შორის კურსკის რეგიონში, ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებს იყენებს. კიევი ამბობს, რომ დასავლეთს ამაზე კიდევ უფრო მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს, რადგან ეს გლობალურ უსაფრთხოებას აყენებს რისკის ქვეშ, რუსეთის საომარი გამოცდილება და სამხედრო ტექნოლოგიები კი ახლა უკვე ფხენიანისთვისაც ხელმისაწვდომია.

XS
SM
MD
LG