უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესის საკრებულომ მხარი დაუჭირა რუსეთის იმპერატორ, ეკატერინე მეორის ძეგლის დემონტაჟს და მის სხვა ადგილზე გადატანას. ბოლო პერიოდში, პროტესტის ნიშნად, ძეგლი სულ მცირე ორჯერ, წითელი საღებავით შეღებეს.
ქალაქის დამააარსებლის ძეგლს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ზიანი არაერთხელ მიაყენეს.
ქალაქის საკრებულომ, ქანდაკების დემონტაჟის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება საკუთარ ვებგვერდზე ოთხშაბათს გამოქვეყნა. ადგილობრივმა კანონმდებლებმა, ასევე მხარი დაუჭირეს მე-18 საუკუნის ფიგურის, რუსი გენერლის, ალექსანდრე სუვოროვის ძეგლის აღებას და სხვა ადგილზე გადატანას.
ქანდაკების მოხსნის მოთხოვნით, რამდენიმე პეტიცია ასევე წარედგინა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების კანონიერი უფლება, მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდა. საკრებულოს კენჭისყრამდე, ქალაქის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ონლაინ გამოკითხვაში "ეკატერინე დიდის" ქანდაკების მოხსნას ოდესის მცხოვრებლების მცირე უმრავლესობამ მისცა ხმა, ეკატერინე მეორე 1762 წლიდან 1796 წლამდე რუსეთის იმპერატორი იყო.
გამოცემა Suspilne-ის ინფორმაციით, ძეგლს დროებით საცავში, შემდეგ კი მუზეუმში განათავსებენ.
მე-18 საუკუნის ბოლოს, "ეკატერინე დიდის" მიერ დაარსებული ოდესა, სტრატეგიული ქალაქი იყო იმპერიული რუსეთისა და საბჭოთა კავშირისთვის. მაგრამ, დიდი ხანია ქალაქი უფრო კულტურულ ცენტრად მიიჩნევა. დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოს ისტორიაში, ოდესის პორტი უკრაინის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს და ის არაერთხელ დაზარალდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დროს.
"ეკატერინე დიდის" ქანდაკება, ოდესაში პირველად 1900 წელს დაიდგა, 1920 წელს, საბჭოთა მმართველობის დასაწყისში, ძეგლი ჩამოხსნეს, თუმცა 2007 წელს, უკრაინის ხელისუფლებამ ის კვლავ აღმართა.