ორშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყები ძალისხმევის ნაწილად, უკრაინას ტერიტორიული საკითხების მიმართ რეალისტური მიდგომა სჭირდება.
საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა პირველად გააჟღერა კომენტარები, რომელშიც მიანიშნა რომ შესაძლოა კიევმა უნდა განიხილოს ისეთი პოზიცია, რომელიც რუსეთის მიერ დაკავებული ყველა ტერიტორიის დაბრუნების სურვილის მიღმა იქნება.
„უკრაინელებს სჭირდებათ რეალისტური მსჯელობა ტერიტორიულ საკითხებზე და ეს მხოლოდ მათ შეუძლიათ გააკეთონ, ევროპელების გათვლა კი არის უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც მათი პასუხისმგებლობა იქნება“,- თქვა მაკრონმა.
შეერთებული შტატების როლი იქნება რუსეთის დარწმუნება, მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, თქვა მაკრონმა და იქვე დაამატა, რომ კონფლიქტის ვერანაირი გადაწყვეტა უკრაინის და ევროპის პირდაპირი ჩართულობის გარეშე ვერ მოხდება.
პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ნათლად გამოთქვა, რომ თავისი ქვეყნის პოზიცია არ შეცვლილა და თავისი საზღვრების მომავალზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინას შეეძლება.
„პოლონეთი ფიქრობს, რომ ყველაზე ბუნებრივი და ხანგრძლივი გადაწყვეტა, აღიარებულ საზღვრებში დაბრუნება შეიძლება იყოს“, თქვა სიკორსკიმ.
„მოდით გავიხსენოთ, რომ ეს ვლადიმირ პუტინი იყო, ვინც 2004 წელს რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვრის შეთანხმებაზე პირადად მოილაპარაკა და დაამტკიცა“, თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკრონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ კიევის საკმარისი დახმარება, რათა ნებისმიერ მოლაპარაკებებზე ის ძლიერ პოზიციაზე იყოს. მას უკრაინის მიმართ ახალი კონკრეტული ვალდებულებები არ გაუჟღერებია.
„სწრაფი და ადვილი გადაწყვეტა არ იქნება“, თქვა მაკრონმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირებაზე მინიშნებით, რომელმაც თქვა რომ ომს სწრაფად დაამთავრებს.