ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მსოფლიოს წამყვანმა ძალებმა არ უნდა აიძულონ უკრაინა, ხელი მოაწეროს ცუდ სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთთან. ბორის ჯონსონმა აღნიშნული განცხადება დღეს, გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
პრემიერის პრესსპიკერის ცნობით, "მან თქვა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ზელენსკიზე არ მოხდეს ზეწოლა, რათა ის ცუდ სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდეს, რადგან ცუდი შეთანხმებები დროს ვერ უძლებს. მან თქვა, რომ მსოფლიომ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი გამოსავალი, სადაც ისე გამოჩნდება, თითქოს პუტინის უკანონო აგრესიამ ნაყოფი გამოიღო".
ჯონსონმა, რომელიც ორშაბათს ბრიტანელი კანონმდებლების მიერ წამოწყებულ უნდობლობის გამოცხადებას პროცესს გადაურჩა, მინისტრებს ასევე უთხრა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის მხარდაჭერის საქმეში კვლავ "ფრონტის წინა ხაზზე დარჩება". შეხვედრაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმის გამო, ლონდონი რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს.
"რუსეთს თითქმის დანამდვილებით დასჭირდება გარღვევის მიღწევა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებით მაინც, რათა ეს ტაქტიკურ წინსვლად იქნას აღქმული, დონეცკის ოლქის სრულად გაკონტროლების პოლიტიკური მიზნის მხრივ" - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ.
Facebook Forum