სამშაბათ დილით, მაღალი რანგის რუს გენერალს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვში თავს დაესხა და მოკლა. ეს ამ სახის ყველაზე მაღალი პროფილის ლიკვიდაცია იყო. მოკლულს უკრაინა ბრალს სდებდა, უკრაინული ჯარის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, რომელიც სერიოზულ დანაშაულებს იძიებს განაცხადა, რომ გენერალ ლეიტენანტი იგორ კირილოვი, რომელიც რუსეთის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის ჯარების სარდალი იყო, თავის საცხოვრებელ კორპუსთან, მის თანაშემწესთან ერთად დაიღუპა მაშინ, როდესაც ელექტრო სკუტერში დამალული ბომბი აფეთქდა.
უკრაინის უშიშროების სამსახურის წყარომ სააგენტო „როიტერს“ დაუდასტურა, რომ თავდასხმის უკან უკრაინის სადაზვერვო სამსახური იდგა. „რუსეთის ფედერაციის რადიაციული და ქიმიური დაცვის ჯარების სარდლის ლიკვიდაცია უკრაინის უშიშროების სამსახურის ჩადენილია“, თქვა წყარომ.
წყაროს ცნობით, ასაფეთქებელი მასალის შემცველი სკუტერი აფეთქდა და კირილოვი და მისი თანაშემწე მოკლა მაშინ, როდესაც ისინი რიაზანის პროსპექტზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გამოვიდნენ.
სოციალურ მედიაში ვრცელდება გადაუმოწმებელი ვიდეო, რომელიც აჩვენებს შენობიდან გამოსულ ორ მამაკაცს, რომლებიც მანქანაში ჩასხდომას აპირებენ, რასაც დიდი აფეთქება მოჰყვება და ორი მამაკაცი ასფალტზე რჩება. „როიტერმა“ ვიდეოს დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.
54 წლის კირილოვი ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერია, რომელიც უკრაინამ რუსეთის შიგნით მოკლა. სავარაუდოდ, ეს მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებას აიძულებს არმიის უმაღლესი ოფიცრების უსაფრთხოების პროტოკოლებს გადახედოს.
რუსეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „რია“ ყოფილ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის კომენტარს ავრცელებს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა კირილოვის მკვლელობის გამო შურს იძიებს.