თურქეთის ტერიტორიას 25 ათასზე მეტი სირიელი ლტოლვილი აფარებს თავს. მიუხედავად გაეროს მცდელობისა სირიაში ძალადობა და მასთან ერთად თურქეთში დევნილების შედინება არ წყდება.
კოფი ანანის სამშვიდობო გეგმას სირიელი ლტოლვილები სკეპტიციზმით შეხვდნენ. მათი უმრავლესობა გაეროსგან სირიაში პირდაპირი ინტერვენციის დაწყებას ელოდა, რომლის მიზანიც პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადის მიერ წარმართული ძალადობის შეწყვეტა იქნებოდა.
თურქეთის სასაზღვრო ქალაქ იაილადაგში ლტოლვილთა ბანაკში სტუმრობისას კოფი ანანმა აღიარა, რომ მისი სამშვიდობო გეგმის შესრულება დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული:
„იმის გათვალისწინებით, რომ სირიიდან თურქეთში ლტოლვილების მზარდი რაოდენობა გადადის, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სირიაში მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის ესკალაცია ხდება.“
ანანის ექვს-პუნქტიანი გეგმის შესრულება, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად, სამშაბათს უნდა დაწყებულიყო. გეგმის პირველი ნაბიჯი სირიის მთავრობას ამბოხებულთა ქალაქებიდან მძიმე შეიარაღების გამოყვანას ავალდებულებდა. თუმცა, სირიიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეიარაღების გამოყვანის ნაცვლად, ქალაქებში შეიარაღებულმა დაპირისპირებამ იმატა.
ლტოლვილების ბანაკი ამერიკელმა სენატორებმა ჯონ მაკეინმა და ჯოზეფ ლიბერმანმაც მოინახულეს. მათი განცხადებით, სირიის მთავრობა სამშვიდობო გეგმის შესრულებას არ აპირებს და მის პირობებზე დათანხმებით დროის მოგებას ცდილობს მოგვიანებით ამბოხებულებზე ზეწოლის გასაძლიერებლად.
თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, უკანასკნელი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ლტოლვილების შედინება თითქმის გაორმაგდა და დღეში დაახლოებით 1000 ადამიანს მიაღწია. სირიაში ძალადობის დაწყებიდან დღემდე თურქეთში 25 ათასზე მეტი ადამიანია გადასული.
ორშაბათს დასავლეთის ქვეყნებსა და სირიას შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ანანმა სირიის მთავრობა თურქეთისკენ მიმავალი დევნილებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.
ბანაკში ვიზიტის დროს ანანი ლტოლვილებს შეხვდა:
„მე საშუალება მქონდა შევხვედროდი ადამიანებს, რომლებიც იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და ახლა აქ არიან. მათი ამბების მოსმენა, იმის გაგება, თუ როგორ ცდილობდნენ ისინი სამშვიდობოს გადასვლას და საკუთარი შვილების დაცვას გულის ამაჩუყებელია.“
ანანმა თურქეთის მთავრობის გულისხმიერება შეაქო ლტოლვილებისთვის ბანაკის დაწესების გამო.
ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ თუ თურქეთში სირიელი ლტოლვილების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, თურქეთი სირიაში პირდაპირ ინტერვენციას არ გამორიცხავს.