ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპ-უკრაინის საქმეზე კონგრესში დიპლომატები დაიბარეს


წარმომადგენელთა პალატის კომიტეტებში, დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომაზე, ამ კვირის განმავლობაში რამდენიმე ამერიკელ დიპლომატს მოუსმენენ. ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული საიმპიჩმენტო გამოძიების ნაწილია.

კონგრესში დაბარებულთა შორის არიან ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სონდლენდი და აშშ-ს ყოფილი ელჩი უკრაინაში მაშა იოვანოვიჩი. სონდლენდი მონაწილეობდა უკრაინის წარმომადგენლებთან საუბრებში, ხოლოდ იოვანოვიჩი უკრაინიდან ვადამდე ადრე იქნა გაწვეული.

გამოძიებასთან დაკავშირებით გამოითხოვეს დოკუმენტები თეთრი სახლიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და პენტაგონიდან. კონგრესის 3 კომიტეტი თავდაცვის მდივან მარკ ესპერს და საბიუჯეტო ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს რასელ ვოტს, დოკუმენტების გადაცემის ბოლო ვადად 15 ოქტომბერს აძლევენ.

კვირას გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონგრესს ჩვენებას კიდევ ერთი მამხილებელი მისცემს, რომელიც უფრო ახლოს იყო მთავარ წყაროებთან, ვიდრე პირველი მომჩივანი. მამხილებელის ადვოკატმა მარკ ზაიდმა აღნიშნული ინფორმაცია "ამერიკის ხმას" უკვე დაუდასტურა.

დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ ჩვენებები მათ მისცემს საშუალებას უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ბრალდების თაობაზე, რომ პრეზიდენტმა უკრაინას 400 მილიონამდე დოლარის დახმარება შეუჩერა და დახმარების სანაცვლოდ ცდილობდა მიეღო დაპირება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმი ზელენსკი და უკრაინის პროკურატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი მთავარი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის და შვილის - ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებდა. ჰანთერ ბაიდენი უკრაინული ენერგო-კომპანიის საბჭოს წევრი იყო.

ტრამპი ბრალდებას უარყოფს და საპასუხოდ ბრალს ბაიდენს დებს. ის აცხადებს, რომ ბაიდენმა ობამას ადმინისტრაციის პერიოდში თანამდებობა ბოროტად გამოიყენა და უკრაინაზე წნეხი განახორციელა, რათა კიევს შეეწყვიტა საქმის გამოძიება, რომელიც შესაძლო იყო, მის შვილს შეხებოდა.

პრეზიდენტ ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 25 ივლისს შემდგარი სატელეფონო საუბარი ანონიმური საჩივრის საბაბი გახდა, რომლის საფუძველზეც წარმომადგენელთა პალატაში საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG