ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს "ტვიტერზე" დაწერა, რომ ფოლადსა და ალუმინზე ახალი ტარიფები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება თუ "ახალი და სამართლიანი" შეთანხმება იქნება მიღწეული კანადასთან და მექსიკასთან. პრეზიდენტი ე.წ. ნაფტას შეთანხმების ცვლილებას გულისხმობდა.
შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა ახლა მოლაპარაკების ეტაპზე იმყოფებიან, თუ როგორ განაგრძონ "ჩრდილოეთ ამერიკული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება".
ალუმინისა და ფოლადის ტარიფის ხსენების გარდა, პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ კანადა "უკეთ უნდა მოექცეს ამერიკელ ფერმერებს", მექსიკამ კი მეტი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნიდან შტატებში უკანონო ნარკოტიკი აღარ შემოდიოდეს.
კანადა შეერთებული შტატების ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს კანადამ შტატებს 7 მილიარდ 200 მილიონი დოლარის ღირებულების ალუმინი და 4 მილიარდ 300 მილიონის ღირებულების ფოლადი მიაწოდა.
შეცვლილი ტარიფები აისახება ამერიკის სხვა პარტნიორებზეც, მათ შორის ბრიტანეთზე, გერმანიაზე, სამხრეთ კორეაზე, თურქეთსა და იაპონიაზეც.
Facebook Forum