ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს ყოფილმა კონკურენტებმა მხარი დაუჭირეს


დონალდ ტრამპის ყოფილმა კონკურენტებმა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციაში, ნიკი ჰეილიმ და რონ დესანტისმა, მხარი დაუჭირეს მის კანდიდატურას პარტიის ყრილობაზე, ერთიანობის დემონსტრირებისთვის.

ნიკი ჰეილიმ, რომელიც კამპანიის დროს ტრამპს თანამდებობისთვის შეუფერებელს უწოდებდა, თავის მხარდამჭერებს მოუწოდა ხმა მისცენ ტრამპს დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, "ჩვენი ერის გულისთვის".

„არ არის საჭირო ტრამპს 100%-ით დაეთანხმო, რომ ხმა მისცეთ მას“, - თქვა ჰეილიმ, გაეროში ამერიკის ყოფილმა ელჩმა და სამხრეთ კაროლინის ყოფილმა გუბერნატორმა.

დესანტისმა, ფლორიდის გუბერნატორმა, რომელიც ასევე ტრამპის მეტოქე იყო, წინასაარჩევნოდ, საკუთარ გამოსვლაში, მილუოკიში რესპუბლიკელთა ყრილობაზე, აპლოდისმენტები დაიმსახურა, როდესაც 81 წლის ბაიდენს სიტყვიერად თავს დაესხა და თქვა, რომ ის ძალიან მოხუცია პრეზიდენტობისთვის.

რესპუბლიკელები, დემოკრატებისგან განსხვავებით, ცდილობენ ერთსულოვნება აჩვენონ. დემოკრატები უკვე კვირებია, შიდაპარტიულ დებატებში არიან ჩართულნი იმის თაობაზე, უნდა დათმოს თუ არა ბაიდენმა კანდიდატურა მას შემდეგ, რაც 27 ივნისს, 78 წლის ტრამპის წინააღმდეგ დებატებში, ბევრის შეფასებით, სუსტი გამოსვლა ჰქონდა.

თუმცა, ყრილობაზე გამომსვლელთა ზოგიერთი მწვავე თავდასხმა ეწინააღმდეგებოდა ეროვნული ერთიანობის გზავნილს, რომლითაც ტრამპი მასზე თავდასხმის შემდეგ გამოვიდა.

სროლის შემდეგ ამომრჩეველთა შიშები ღრმად პოლარიზებული გარემოს შესახებ 5 ნოემბრის არჩევნების წინ, როგორც ჩანს, მხოლოდ გაღრმავდა.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვამ, რომელიც ორშაბათს და სამშაბათს ჩატარდა, აჩვენა, რომ გამოკითხულ ამომრჩეველთა 80% ფიქრობს, რომ "ქვეყანაში ვითარება უკონტროლოა".

სამართალდამცავ უწყებებს ჯერ არ დაუდგენიათ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული სროლის მოტივი. თავდამსხმელი, 20 წლის შეიარაღებული მამაკაცი, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა შემთხვევის ადგილზე მოკლა.

ტრამპზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, თავის პირველ წინასაარჩევნო გამოსვლაში, ბაიდენმა სამშაბათს, 16 ივლისს, ლას-ვეგასში შავკანიან ამომრჩევლებს განუცხადა, რომ ის “სრულიად ჩართულია” მისი ხელახალი არჩევის რბოლაში და კვლავ უარყო ზოგიერთი დემოკრატის მოწოდება გადადგომის შესახებ.

რესპუბლიკური პარტიის ოთხდღიანი ყრილობა ხუთშაბათს, 18 ივლისს, ტრამპის გამოსვლით დასრულდება, როდესაც ის ოფიციალურად დასახელდება პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად.

XS
SM
MD
LG