ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური კრიზისის 5 კვირა - პარლამენტი შეკრებისთვის ემზადება 


საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან მეხუთე კვირის თავზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულებას ცდილობენ. მოლაპარაკებების ორ რაუნდს "ქართული ოცნებას" და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამერიკის საელჩომ უმასპინძლა. პროცესში აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის ელჩიც.

რა არის გამოსავალი? ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე უცნობია. მეათე და საიუბილეო მოწვევის პარლამენტი კი უკვე მალე უნდა შეიკრიბოს, პრეზიდენტს ამ დრომდე პირველი სხდომის დღე არ ჩაუნიშნავს, თუმცა ცესკომ საბოლოო შედეგები უკვე წარადგინა. ახლა ჯერი სალომე ზურაბიშვილზეა, რომელიც უკვე მესამე დღეა დუმს.

მოლაპარაკებების მესამე და გადამწყვეტი რაუნდი უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს. ამერიკის და ევროკავშირის ელჩებმა ცალკეულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს. დღეს კი ოპოზიციამ ელჩებს საერთო დოკუმენტი წარუდგინა, სადაც დეტალურად არის გაწერილი, თუ რა უნდა მიიღონ ან რა შეუძლიათ დათმონ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად. ახლა ჯერი "ქართულ ოცნებაზეა", რომელიც ასევე დუმს, უკვე რამდენიმე დღეა.

ამერიკის ელჩს დღეს მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, ევროკავშირის ელჩმა კარც ჰარცელმა კი თქვა, რომ შეთანხმების მიღწევა და მოლაპარაკების პროცესი რთულია.

"ერთი კვირაა დახლოებით პარლამენტის შეკრებამდე. მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა, რომელიც დღეს საღამოს გაიმართა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებები და ყველა მხარის ამბიციები საერთო პლატფორმის ძიების მიმართულებით ჯერ კიდევ აქტიურია, რომელსაც ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა ვეძებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიქრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიძებნოს ეს „ჯადოსნური“ საერთო ნიადაგი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გრძელდება ყველა მხარის მიერ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ, შესაძლებელი გახდება ასეთი თანხვედრის წერტილების გამონახვა. მაგრამ, ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე, რადგან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

ჩემთვის ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი უნდა გახდეს გზის გამონახვა და პროცესების განვითარება, ქვეყანაში სტაბილურობისა და დემოკრატიულობისთვის,"- ამბობს ევროკავშირის ელჩი თბილისში.

ოპოზიციის წინადადებები და შეთავაზებები უცნობია, თუმცა როგორც "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტებს ეუბნება, ახალი არჩევნების მოთხოვნის მიმართ ოპოზიცია ერთსულოვანია და პოზიციის შეცვლას არ გეგმავს. აქვე, ხაზარაძე განმარტავს, რომ წარდგენილ დოკუმენტში სხვა ასევე მნიშვნელოვან საკითხებზეც არის საუბარი.

"ძირითადი კომპონენტი არ შეცვლილა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ უამრავი სხვა საკითხია ამ პაკეტში. ჩვენმა ფასილიტატორებმა ელჩებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო დაახლოებით 2 დღე, სანამ ჩვენ მივიღებთ “ქართული ოცნებიდან” ჩამოყალიბებულ წინადადებას და ამის მერე იმედია, რომ მოხდება მესამე რაუნდი, სადაც პოზიციები შეჯერდება ან არ შეჯერდება,"- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყვდა, რომ ისინი მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევლენ, თუ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ გაიმართება. ამის შესახებ კობა ნაყოფიამ ცოტა ხნის წინ ისაუბრა.

"ოპოზიციას ბევრად მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე ქართულ ოცნებას. ეს ხალხი კი ძალიან გაბრაზებულია. ნაციონალური მოძრაობა ვერ იქნება ივანიშვილის ფასადური დემოკრატიის დეკორაცია, კი აი ასე დგას საკითხი. ჩვენ არ შევალთ პარლამენტში, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ოპოზიცია ერთიანია და ჩვენ უკან დახევას არ ვგეგმავთ. სადაც დავინახავთ რიგგარეშე არჩევნების პერსპექტივას, ყველა ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. შეთანხმება თუ არ შედგა, ვერაფერი ვერ შედგება. კონკრეტულ პირობებზე უნდა მოხდეს შეთანხმება, მაგრამ ამას არ ვფიქრობთ, რომ მოხდება,"- განაცხადა რამდენიმე წუთის წინ ნაციონალური მოძრაობის წევრმა კობა ნაყოფიამ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში.

რა წერია ოპოზიციის მიერ ელჩებისთვის გადაცემულ დოკუმენტში ამის შესახებ პოლიტიკური პარტიები არაფერს ამბობენ, თუმცა აანონსებენ, რომ დოკუმენტს გაასაჯაროებენ, თუ "ქართული ოცნებისგან" დეტალურ და კონკრეტულ წინადადებებს არ მოისმენენ.

"ჩვენ სრულფასოვანი დოკუმენტი მივაწოდეთ იმ მიმართულებით, რაც საჯაროდაც ცნობილია და რაც ჩვენთვის არის პრინციპული, რაშიც სიახლე არ არის, ანუ ფუნდამენტურ მიმართულებებზე. ველოდებით ბუნდოვანი სიგნალების ნაცვლად, ასევე სრულფასოვან დოკუმენტს „ქართული ოცნებისგან“, კრიზისიდან გამოსვლის ხედვასთან დაკავშირებით,"- თქვა ცოტა ხნის წინ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

არჩევნების შემდეგ მეხუთე კვირის თავზე გაურკვევლობაა "გირჩში". ზურაბ ჯაფარიძემ დღეს დილით დაწერა, რომ მისი, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის გზები გაიყო". საღამოს კი გაირკვა, რომ პარტიას არცერთი ლიდერი არ ტოვებს.

"პარტია არც მე ვარ და არც ეს ადამიანები. ვინ იქნება "გირჩში", ამას მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ის ადამიანები ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვთ ჩადებული "გირჩში,"- თქვა ჯაფარიძემ.

ვერსიები, თუ რას მოჰყვა "გირჩში" გაურკვევლობა, ბევრია, თუმცა დეტალებს ლიდერები არ აკონკრეტებენ. ჯაფარიძემ დღეს ჟრნალისტებთან საუბრის დროს მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნებზე და პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხზე, "გირჩის" პოზიცია ერთიანია და პარტიის ლიდერებს შორის განხეთქილება ამ საკითხს არ უკავშირდება.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია: ოპოზიცია გაყალბებაზე საუბრობს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ქართული ოცნება "ოპოზიციის დესტრუქციაზე" მიანიშნებს. როგორი იქნება მეათე მოწვევის პარლამენტი, ეს მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგზეა დამოკიდებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG