წელიწადზე მეტი ხნის წინ, ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების გამოძიება, ლიბანს ახალი შესაძლო პოლიტიკური კრიზისის წინაშე აყენებს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს იქნება პრემიერ ნაჯიბ მიქატის ახალი მთავრობის ერთგვარი გამოცდა, მაშინ როცა მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსიდან გამოყვანას ცდილობს.
თავის მხრივ, სასამართლოს მცდელობას, სავარაუდო დაუდევრობის გამოჩენის გამო, მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, პოლიტიკური წინააღმდეგობა ხვდება.
ბეირუთში აფეთქებას 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მიაყენა.
ნაჯიბ მიქატიმ, პრემიერ-მინისტრის პოსტი გასულ თვეში დაიკავა. მანამდე კი კაბინეტის დაკომპლექტებას, ღრმა „ეკონომიკური დეპრესიის“ ფონზე, სერიოზული პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.
მოსამართლე ტარეკ ბიტარს, აფეთქებასთან დაკავშირებით კითხვები კაბინეტის ერთ-ერთ წევრთან აქვს და მის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვს. თუმცა საქმის განხილვა გადაიდო.
ამ ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილის შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ გავლენები კიდევ უფრო ნათელი ხდება. დაჯგუფება მოსამართლეს პოლიტიზირებული საქმის წარმოებაში სდებს ბრალს და მის გათავისუფლებას ითხოვს.
საერთაშორისო საზოგადოება, ქვეყნები, რომელთაგან ლიბანის მთავრობა დახმარებას ელის, ქვეყნისგან აფეთქების სამართლიან და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ ჰეზბოლა ლიბანის სასამართლო ხელისუფლებაზე მუქარას ახოციელებს და ლიბანელი ხალხის ინტერესებზე მაღლა, საკუთარ და ირანის ინტერესებს აყენებს. ჰეზბოლას წარმომადგენელი დეპუტატი, ჰასან ფადლოლა ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები ლიბანის სუვერენიტეტს არღვევს.
Facebook Forum