მესამე დღეა ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების, მეექვსე ფლოტის ნაღმოსანი USS «Laboon» (DDG-58) დგას.
ამერიკული ნაღმოსანი შავი ზღვის აკვატორიაში 21 ივნისს შემოვიდა დამომდევნო ორი დღე, რუმინეთის სამხედრო საზღვაო ძალების კორვეტ «Contra-Amiral Eustaţiu Sebastian»-თან და საფრანგეთის სამხედრო საზღვაო ძალების მზვერავ გემთან FS «Dupuy de Lome»-თან ერთად, ერთობლივ წვრთნებს დაუთმო.
24 ივნისს კი ნაღმოსანმა USS «Laboon»-მა გეზი საქართველოსკენ აიღო და 27ივნისს, ბათუმის პორტში შემოვიდა. ორი დღის განმავლობაში, USS «Laboon»-ის ეკიპაჟის წევრები საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის ატარებდნენ თეორიულ დაპრაქტიკულ მეცადინეობებს ნავსადგურის უსაფრთხოების საკითხებზე.
პარლამენტის თავჯდომარე. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველო არ არის მარტო.
“საჭიროა რაც შეიძლება მკაფიოდ იყოს ეს მესიჯი გაგზავნილი ყველასთვის, რომ საქართველო არ არის მარტო, საქართველო არის მსოფლიო თანამეგობრობის წევრი ქვეყანა და მსოფლიო თანამეგობრობა მზად არის, საქართველოსთან ერთად, უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონში. ეს არის ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენ ერთად ვაპირებთ გავუმკლავდეთ საფრთხეებს, თუ ისინი ექნება ჩვენს ქვეყნებს თუ მსოფლიო მშვიდობას. ამის დასტურია ჩვენი ერთობლივი მოქმედებები ავღანეთში, მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში.ორ ქვეყანას გადაწყვეტილი აქვს კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა სფეროში მათ შორის, სამხედრო სფეროში.“
მეექვსე სამხედრო ფლოტის ნაღმოსან USS «Laboon»-ის შემოსვლას შავ ზღვაში დროში დაემთხვა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფრენკ როუზის განცხადება, რომ „შეერთებული შტატები არ გეგმავს მრავალფუნქციური საბრძოლო ინფორმაციისა და მართის სისტემის „იჯისის“( Aegis combat system) განთავსებას შავ ზღვაში, რადგან ამას კრძალავს მონტრეს კონვენცია. თუმცა, თუ წარმოიქმნება გაუთვალისწინებელი სიტუაციები, ჩვენს გვაქვს შესაძლებლობა გავაგზავნოთ იქ ხომალდები, რომლებიც „იჯისის“ სისტემით არიან აღჭურვილნი“.
ფრენკ როუზმა ეს განცხადება 25 ივნისს. ატლანტიკურ საბჭოზე გააკეთა, იმ დროს როცა „იჯისის“ სისტემით აღჭურვილი ნაღმოსან USS «Laboon»-ი უკვე იმყოფებოდა შავ ზღვაში. „იჯისით“ ხომალდს საშუალებას აძლევს 190 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად უთვალთვალოს და მიიტანოს იერიში საჰაერო, მიწისზედა, წყალზედა და წყალქვეშა სამიზნეებზე.
სისტემის მთავარი ელემენტი არის უნივერსალური რადიოლოკაციური სადგური და ოთხი ბრტყელი ფაზირებული საანტენო საფარი, რომელიც დაკვირვებას 360°-ზე ასრულებს. „იჯისს“ შეუძლია ავტომატურ რეჟიმში აწარმოოს 250-დან 300-მდე მიზნის ძებნა, აღმოჩენა, თვალთვალი და რაც მთავრია 18-მდე SM-2 და SM-3 ტიპის მართვადი საზენიტო რაკეტის გასროლა.
USS «Laboon»-ი არის „არლეი ბერკის“ ტიპის ნაღმოსანი, რომლის აგება თითქმის მილიარდ ნახევარი დოლარი ჯდება, ხოლო წლიური მომსახურების ხარჯი 25 მილიონ დოლარს აღწევს. ამერიკის სამხედრო გემების შემოსვლა შავი ზღვის აკვატორიაში, სულ უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს რუსეთში. ვიაჩესლავ ტეტიუკინმა, რომელიც რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრია კერძოდ განაცხადა
„საიდუმლო არ არის, რომ ასეთი ტიპის შემოსვლების დროს შავ ზღვაში ამერიკელები აწარმოებენ სადაზვერო მისიებს. ისინი ზომავენ შავი ზღვის აკვატორიას, სწავლობენ სანაპიროებს, რომ საჭიროების შემთხვევაში განახორციელონ სადესანტო ოპერაციები; ისინი სწავლობენ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის რადიოლოკაციური და საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობას. პრინციპში ამერიკელებს მონტრეს კონვენციითს არც შეუძლიათ შავ ზღვაში შემოსვლა და თუ შეუძლიათ, მხოლოდ 21 დღის განმავლობაში.“
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შავი ზღვის აკვატორია თანდათან, „ცივი ომის“ დროინდელი დაპირისპირების არენა ხდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა რამდენიმე ძალიან სახიფათო ინციდენტს. რუსული სამხედრო გემები და ავიაგამანადგურებლები ამერიკის ნაღმოსნებს USS Donald Cook-სა (DDG-75) და USS Ross-ს (DDG-71) უაღრესად სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ.
ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ინციდენტს, ბოლოს, შავ ზღვაში, 27 წლის წინ ჰქონდა ადგილი. 1988 წლის 12 თებერვალს, ყირიმის ნახევარკუნძულთან ახლოს, საბჭოთა კავშირის ორი სადარაჯო ხომალდი Bezzavetnyy და SKR-6, ამერიკის მეექვსე სამხედრო ფლოტის კრეისერ USS Yorktown-სა (CG-48) და ნაღმოსან USS Caron (DD-970) დაედევნენ. ეს ინციდენტი Bezzavetnyy-სა და USS Yorktown-ის შეჯახებით დასრულდა, რის შემდეგაც ამერიკულ კრეისერზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.