სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღეს გაეროს ინსპექტორები ქიმიური იარაღის გამოყენების ადგილზე არ შევლენ, რადგან უსაფართხოების შესახებ დავა მეამბოხეებთან ჯერ არ დასრულებულა. ვალიდ ალ მოალემმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაერო მისიას ხვალ გააგრძელებს.
სირიელი ამობოხებულები და აქტივისტები აცხადებენ, რომ სირიის სამთავრობო ჯარებმა გასულ კვირას ქიმიური იარაღით ასობით ადამიანი მოკლეს. ხელისუფლებამ ეს ბრალდება უარყო და მომხდარ ფაქტში აჯანყებულები დაადანაშაულა.
ორშაბათს გაეროს ინსპექტორებმა დამასკოს გარეუბანში რამდენიმე საათი გაატარეს. მოადამიე ერთერთია მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად იმ რაიონებს შორის, სადაც 21 აგვისტოს ქიმიური იარაღი გამოიყენეს. გაეროს ისნპექტორთა ჯგუფი რამდენიმე ექიმს და დაზარალებულს შეხვდა და შემთხვევის ადგილიდან სინჯები აიღო.
რამდენიმე დღით ადრე გაეროს ისნპექტორებს მისიის შესრულებაზე უარი უთხრეს. ხალიდ სალაჰი სირიის ოპოზიციური ეროვნული კოალიციის პრესსპიკერია:
„მეამბოხეების, ასადის ძალების და სირიის თავისუფალი არმიის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ერთმანეთისგან დაშორებულია. ვიდრე გაეროს ინსპექტორები ამ ადგილზე შევიდოდნენ, ასადის ძალების სნაპიერებმა მათ სროლა აუტეხეს. როგორც ახლახანს შევიტყვე, სირიის კოალიციის წევრები ინსპექტორების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, თუმცა მათი მანქანა უკვე რამდენჯერმე დაცხრილეს,“-ამბობს იგი.
დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს სჯერათ, რომ გასულ კვირას ქიმიური იარაღი ასადის მხარდამჭერებმა გამოიყენეს. შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სავარაუდო ინტერვენციასა და საპასუხო ქმედებაზე ალაპარაკდნენ.
ორშაბათს რუსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ასადმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო ინტერვენციას მარცხი არ ასცდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც დასავლეთს მოუწოდა, გაეროს მანდატის გარეშე ნებისმიერ სამხედრო ინტერვენციაზე ფიქრი შეწყვიტოს:
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მორალურ და ეთიკურ მხარეზე რომ არაფერი ვთქვათ, საერთაშორისო საზოგადოების მანდატის და სანქციის გარეშე ინტერვენცია ქვეყანაში სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს.“
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა ინდონეზიაში ოფიციალურ გამგზავრებამდე აღნიშნა, რომ ამერიკა სირიის საკითხთან დაკავშირებით არანაირ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებს:
„ნებისმიერ ნაბიჯს სამართლებრივი ჩარჩოების გათვალისწინებით, საერთაშორისო საზოგადოებასთან შევათანხმებთ.“
ბოლო დროს სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა გასულ ოთხშაბათს დამასკოს აღამოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა.