გაეროს დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე პაოლო პინეირო და მისი ორი კოლეგა სირიაში 2011 წლის აგვისტოდან მიმდინარე ადამიანის უფლებების დარღვევებს იძიებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფს სირიაში მუშაობის საშალებას ქვეყნის მთავრობა არ აძლევს, პინიეროს ხელმძღვანელობით საგამოძიებო კომისიამ სირიიდან გაქცეული ათასობით ადამიანი დაკითხა.
კომისიის თავმჯდომარემ გაეროს წევრი ქვეყნები უმოქმედობის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტი „დაკარგული შესაძლებლობების ქრონიკაა“ და რომ კრიზისის მშვიდობიანად დასრულება ყურადღებას საჭიროებს.
პინიერო: „ჩვენ ვერ გავაგრძელებთ დარღვევების უსასრულოდ ჩამოთვლას და ამით ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენთ დაპირისპირებული მხარეების მოქმედებებზე. ჩვენი შეშფოთება საკმარისი არ არის. ამ ომის დასრულება საერთაშორისო დონის პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობას არა მხოლოდ ევალება არამედ მოეთხოვება, რომ ამ კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება მოახდინოს.“
პინიეროს განცხადებით, სამხედრო დაპირისპირება ჩიხშია შესული, როცა ორი დაპირისიპრებული მხარე საკუთარ სამხედრო გამარჯვებას შესაძლებლობად მიიჩნევს.
პინეირომ გააკრიტიკა ის ქვეყნებიც, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს იარაღით ამარაგებენ, თქვა რა, რომ ისინი სირიელი ხალხის ტანჯვას მხოლოდ ახანგრძლივებენ.
გაეროს საგანგებო კომისიის ხელმძღვანელმა სირიის მთავრობას ბრალად დასდო ქვეყნის მასტაბით საჰაერო დარტყმებისა და ზღვარგადასული დაბომბვების განხორციელება და ისიც თქვა, რომ სირიის ოპოზიციურმა დაჯგუფებებმა ასევე განახორციელეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა.
პინიერომ ჩამოთვალა ყველა ის დარღვევა, რომელიც საგამოძიებო კომისიამ დააფიქსირა, გაუპატიურების, მშვიდობიანი მოქალაქეების გაუჩინარების, სურსათის მიწოდების არხებზე თავდასხმების ჩათვლით. კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დარღვევების უმრავლესობა რელიგიურ ნიადაგზე გაღვივებული შუღლის ელემენტებით ხასიათდებოდა.
სირიის ელჩი გაეროში ბაშარ ჯააფარი კი ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტს შეიარაღებულ ოპოზიციურ დაჯგუფებებს, ტერორისტებსა და დასავლეთის მთავრობებს აბრალებს. ჯააფარმა ასევე ბრალი დასდო სპარსეთის ყურის ქვეყნებს ამბოხებულების ფინანსური მხარდაჭერისთვის.
გასულ კვირას გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ სირიაში ორწლიანმა კონფლიქტმა ასი ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.