ამერიკელები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებს მართავენ და სირიაში სამხედრო ოპერაციას აპროტესტებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია "CODEPINK" კონგრესის წევრებს და თანამშრომლებს ლობირებას უწევს.
ორგანიზაციის თანადამფუძნებელი მედეა ბენჟამინი ამბობს, რომ ერაყის ომის გამოცდილებით, მსგავს მხარდაჭერას ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები მოაქვს:
„ჩვენს მოწოდებაზე ყველას პოზიტიური რეაქცია აქვს: ქუჩაში გამვლელი იქნება ეს, ტურისტი თუ პოლიციელი. კონგრესის თანამშრომლებიც დადებითად გვხვდებიან.“
დღესდღეობით შეერთებულ შტატებში სირიის ოპერაციის საწინააღმდეგო აქციები ვიეტნამის საწინააღმდეგო დემონსტრაციების მასშტაბებს ვერ უტოლდება. თუმცა დემოკრატი კონგრესმენი ალან გრეისონი ამბობს, რომ საზოგადოების პროტესტმა ამ საკითხის სხვა მიმართულებით განვითარებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა:
„ეს ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ პირველი უდიდესი გამარჯვება იყო. ჩვენ ვებ გვერდზე „ნუ დაბომბავ სირიას“ ასი ათასი ადამიანი შემოგვიერთდა.“
კონსერვატორი რესპუბლიკელი კონგრესმენეი ტრეი რეიდელი საწინააღმდეგო პოლიტიკური სპექტრის წარმოამდგენელია, თუმცა სირიაში სამხედრო ოპერაციას არც ის ეთანხმება:
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ომს მხარს ვუჭერთ ან არ ვუჭერთ. უბრალოდ მოვითხოვთ ლიდერებისგაან, კონკრეტული საფრთხე და მასთან ბრძოლის სპეციალური გეგმა გვაჩვენონ.“
პროფესორი ალან ლიხტმანი ამერიკული უნივერსიტეტის თანამშრომელია. მისი აზრით, სირიის თემაზე დებატები რესპუბლიკელების ომის მიმართ დამოკიდებულებას არ გამოხატავს:
„ჩვენს მსგავს ტენდენციას წლების განმავლობაში ვაკვირდებით: რესპუბლიკელები ობამას ყველაფერში ეწინააღმდეგებიან. მათს სურთ ყველა მარცხი პრეზიდენტს მიაწერონ.“
პოლიტიკური ანალიტიკოსი რონალდ ბრაუნშტეინი ამბობს, რომ სირიის საკითხზე დებატები ამერიკული საზოგადოების და მის მიერ არჩეული კონგრესის დამოკიდებულებას ასახავს:
„სახეზეა ათწლეულების მანძილზე დაგროვილი მცდარი შეხედულება იმაზე, რომ ამერიკას ძალისმიერი მეთოდებით შეუძლია უცხო ქვეყნებში ან თუნდაც ახლო აღმოსავლეთში პრობლემა გადაწყვიტოს.“
ბრაუნშტეინის აზრით, პრეზიდენტი ობამა მსგავს წინააღმდეგობას სავარაუდოდ არც ელოდა:
„ალბათ ხვდებით, რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა ობამამ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება კონგრესისთვის ეკითხა. ბოლო დროს კონგრესი მსგავს საკითხებზე პრეზიდენტს უარს არასდროს ეუბნება.“
ბრაუნშტეინი მიიჩნევს, რომ კონგრესის უარს პრეზიდენტ ობამასთვის ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ობამას სურს შანსი მისცეს საერთაშორისო დიპლომატიას,რათა სირიაში ქიმიური იარაღის პრობლემა რაც შეიძლება დროულად გადაიჭრას.