ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო სირიის შესახებ


ადამიანის უფლებების საბჭო შიშობს, რომ კონფლიქტი მთელ რეგიონს სერიოზული გართულებებით ემუქრება

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სირიაში სიტუაცია „მკვეთრად უარესდება“ და ჰუმანიტარული კრიზისი დღითი-დღე ღრმავდება. ქვეყანაში დამანგრეველი სამოქალაქო ომის მასშტაბები იზრდება - აცხადებენ საბჭოს უფლებადამცველები და შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ კონფლიქტი მთელ რეგიონს სერიოზული გართულებებით ემუქრება.

გაეროს კომისიამ, რომელიც სირიაში მომხდარ ფაქტებს აზუსტებდა, დაადგინა, რომ დაპირისპირებული მხარეებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვაზე არცერთი ზრუნავს. კომისიის თავმჯდომარე, პაოლო პინეირო აცხადებს, რომ კონფლიქტის მზარდი მილიტარიზაცია მშვიდობიან მოქალაქეებზე დამღუპველად მოქმედებს.

ვიდრე სახელმწიფოები გამოსავალს ეძებენ, მხედველობაში უნდა იქონიონ ერთი გარემოება: იარაღის, ან თუნდაც არასაომარი მოწყობილობების გადაცემა არ უნდა მოხდეს მაშინ, როცა არსებობს რისკი, რომ მას საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონების დარღვევით გამოიყენებენ. ჟენევის კონვენციის თანახმად, კონფლიქტში მონაწილე მხარეების მხარდამჭერებს საკუთარი პასუხისმგებლობა გააჩნიათ. მათ უნდა დაიცვან კანონი შეიარაღებული კონფლიქტის თაობაზე“- აცხადებს კომისიის თავმჯდომარე.

გაეროს მონაცემებით სირიაში გასული წლის ივლისის შემდეგ საომარი ქმედებების განსაკუთრებული ესკალაცია მოხდა. მართალია ძალადობის შემთხვევები ამბოხებულთა მხარეს შედარებით ნაკლებად ფიქსირდება, ვიდრე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებს შორის, მაგრამ ზოგადად ომის დანაშაულებათა ფაქტები მთავრობის და ოპოზიციის რიგებშიც აღინიშნება. გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს უახლესი ანგარიშის მიხედვით, კონფლიქტი შარშანდელთან შედარებით უფრო მილიტარიზებული, რადიკალური და სექტარული გახდა.

პაოლო პინეიროს თქმით, სასწრაფოდ საჭიროა მტკიცე დიპლომატური ინიციატივა, რომელიც სირიაში მიმდინარე ძალადობას შეაჩერებს და საბოლოოდ დაასრულებს.

„ომი დამღუპველ ჩიხშია შესული და ამის ყველა ნიშანი სახეზეა. არცერთი მხარე არ არის იმდენად ძლიერი, რომ მეორე დაამარცხოს. შედეგად კი მოახლოებული გამარჯვების შესახებ მცდარი შეხედულება ჩამოყალიბდა, რაც მზარდ ძალადობაში აისახება“ - აღნიშნავს პაოლო პინეირო.

სირიის ხელისუფლება გაეროს გამომძიებელთა ქვეყანაში დაშვებაზე ისევ უარს აცხადებს. ადამიანის უფლებების საბჭოს ანგარიში უმთავრესად 191 გასაუბრებას ეყრდნობა, რომელიც ძირითადად სირიის მეზობელ ქვეყნებში ჩატარდა.

სირიის ელჩი ფასალ ხაბაზ ჰამუი კითხვის ქვეშ აყენებს მოწმეთა ჩვენებების გულწრფელობას და სანდოობას. მისი თქმით, ანგარიში ცრუ ინფორმაციას ემყარება.

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს მაქსიმალურად შეიზღუდოს სირიისთვის იარაღის მიწოდება. მათ მხედველობაში უნდა მიიღონ ის გარემოება, თუ რა შედეგს მოუტანს საომარ მოქმედებათა ესკალაცია არამარტო სირიას, არამედ მეზობელ ქვეყნებს და ზოგადად რეგიონს.
XS
SM
MD
LG