ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ოცეულის სამიტზე სირია მთავარი საკითხია


რუსეთის ფედრაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის კონგრესი სირიის საკითხის გამო " სანქცირებულ აგრესიაში" დაადანაშაულა

20 ქვეყნის ლიდერი ერთად პირველად ხუთი წლის წინ შეიკრიბა, როდესაც მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა პიკს მიაღწია. თუმცა ახლა არსებული საბანკო კრიზისის პრობლემები, შეიძლება ამ ყოველწლიურ სამიტზე პოლიტიკურმა საკითხებმა გადაფაროს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი, შეხვედრის ადგილიდან, სანკტ პეტერბურგიდან მოგვითხრობს.


დღეს, სანკტ პეტერბურგში მუშაობა დაიწყო სამიტმა, რომელსაც მსოფლიოში წამყვანი ეკონომიკის ოცი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან. მთავარ განსახილველ თემებს უმუშევრობის პრობლემა და გლობალური ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს.


საკუთარი წილით, ეს ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკის 80%-ს შეადგენენ. თუმცა მოსალოდნელია, რომ წლევანდელ სამიტზე ძირითადი დებატები იმ ქვეყნის გარშემო გაიმართოს, რომელსაც მსოფლიოს ეკონომიკაში ერთ პროცენტზე ნაკლები უკავია. ეს ქვეყანა არის სირია.


ორმოც წელზე მეტია სირია მოსკოვისთვის ერთ-ერთ სახელმწიფო კლიენტს წარმოადგენს. თუმცა ახლა პრეზიდენტი ობამა სირიის სამხედრო აქტივებზე დარტყმის გეგმას განიხილავს სახელმწიფოს მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამო. მომწამლავი ნივთიერების გამოყენების შედეგად აგვისტოში სირიაში ათას ოთხასი ადამიანი გარდაიცვალა.


ოთხშაბათს, საპრეზიდენტო თვითმფრინავები რუსეთის მიწაზე დაეშვა. სამიტის მასპინძელმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პროტოკოლი დაარღვია და ვაშინგტონი მკვეთრად გააკრიტიკა.
ამერიკის კონგრესი, სადაც გუშინ სირიაში საჰაერო დარტყმების მხარდაჭერის განცხადებები გაკეთდა, პუტინმა „ სანქცირებულ აგრესიაში“ დაადანაშაულა. მან განაცხადა რომ ჯონ კერის კონგრესში გამოსვლას თვალს ადევნებდა, სადაც სირიაში მომწამლავი აირის გამოყენების თაობაზე მსჯელობა გაიმართა. პუტინმა განაცხადა, რომ „ჯონ კერი აშკარად ტყუილს ამბობდა, მან თავადაც იცის, რომ ცრუობს“.


ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ ოთხი რუსული სამხედრო გემი სირიის სანაპიროსკენ მიემართება. ხოლო სხვა სამხედრო პირმა, კი დაადასტურა, რომ ანტი-საზღვაო და ანტი-საჰაერო საშუალებები სირიის ტერიტორიაზე უკვე განალაგეს. მისი განცხადებით, “ის რაც ლიბიაში, მოხდა, სირიაში აღარ განმეორდება“.


სანკტ პეტერბურგის ქალაქის საბჭოს წარმომადგენელი ვიტალი მილონოვი რუსეთის და შეერთებული შტატების ურთიერთობაში დიდ გაუცხოებაზე საუბრობს.


ვიტალი ილონოვი: სირიის მიმართ რომ არა მტკიცე პოზიცია, რომ არა რუსეთის და ჩინეთის მხარდაჭერა, ამერიკა ამ ქვეყნას დიდი ხნის წინ გაანადგურებდა.


სირიასთან რუსეთის და ჩინეთის მჭიდრო კავშირები დიდი ოცეულის შეხვედრის მთავარი თემა ნამდვილად იქნება.


კრემლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ პუტინს ბარაკ ობამასთან პირისპირ შეხვედრის დრო არ ექნება. თუმცა უკვე დაგეგმილია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრა.


პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შესახებ გეგმები უკვე შეცვალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს დროებითი პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.


ამ სამიტზე ჩინეთი, ბრაზილია და სხვა განვითარებადი ქვეყნები მოელოდნენ, რომ ამერიკის მხრიდან სავალუტო პოლიტიკის მომჭირნეობის გავლენის საკითხი განიხილებოდა. შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა აპირებს საბანკო სექტორში საპროცენტო განაკვეთის გაზრდას, რის გამოც ინვესტორები იძულებულნი გახდნენ, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, თურქეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან მილიარდობით დოლარი უკან გაეტანათ. ამ სიტუაციამ მათი საფონდო ღირებულება შეამცირა და ვალუტა გააუფასურა.


თუმცა საპროცენტო განაკვეთის გაზრდის საკითხი, როგორც ჩანს მეორე პლანზე გადაიწევს, რადგან რუსეთი და შეერთებული შტატები საკუთარ ინტერესებს აქტიურად ლობირებენ და სირიის საკითხთან მიმართებაში ერთმანეთს აშკარა მეტოქეობას უწევენ.
XS
SM
MD
LG