შვედეთის ცენტრალურ ნაწილში, ორებროს საგანმანათლებლო ცენტრში მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, ბევრი კი დაიჭრა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების გამო, 5 ადამიანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა თქვა, რომ ეს ქვეყნის ისტორიაში "შავი დღე" იყო. პოლიციის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ თავდამსხმელს შესაძლოა რაიმე იდოლოგიური მოტივი ჰქონოდა და რომ სავარაუდოდ, ის მარტო მოქმედებდა. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
სტუდენტების ნაწილი საკლასო ოთახში იყო, ნაწილი კი საუზმობდა მაშინ, როცა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა. თვითმხილველები ამბობენ, რომ სროლა მოულოდნელად დაიწყო და ნაწილმა სკოლის ტერიტორიიდან გაქცევა მოახერხა.
ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრის ბევრი სტუდენტი იმიგრანტია, ვინც შვედურ ენას სწავლობს და დასაქმების შესაძლებლობისთვის, სხვადასხვა ხელობის თუ პროფესიული უნარების, ცოდნის შეძენას ცდილობს.
თავდასხმის ადგილას მივიდნენ შვედეთის მეფე კარლ მე-16 გუსტავი და დედოფალი სილვიაც. ქალაქ ორებროში, სადაც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრიც ჩავა, დაახლოებით 100 000-მდე ადამიანი ცხოვრობს და ის სტოკჰოლმიდან 200 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს.