ამერიკის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი, ოფიციალური ვიზიტით NATO-ს მოკავშირეს, თურქეთს სტუმრობს. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, შეხვედრის ერთ-ეთი მთავარი განსახილველი საკითხი, სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მათი თვითგამოცხადებული დედაქალაქის, რაქას აღების ოპერაცია იქნება. ტილერსონი, თურქეთის ლიდერებს შეხვდება, მათ შორის, პრეზიდენტ ერდოღანს.
ამერიკის მხარდაჭერა სირიაში მებრძოლი ქურთების მიმართ, ანკარასა და ვაშინგტონს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი საკითხია. თურქეთის თქმით, სირიაში მებრძოლი ქურთები თურქეთში არსებულ ტერორისტულ დაჯგუფება „ქურთისტანის მუშათა პარტიას“-თან თანამშრომლობენ.
დონალდ ტრამპს, ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ გაუჟღერებია მისი მხარდაჭერა სირიის ქურთი მებრძოლებისადმი, რომლებიც „სირიის დემოკრატიული ძალების“ მთავარ საყრდენ ძალას წარმოადგენენ და ამჟამად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან რაქასა და მის მიღმა. თუმცა ადგილზე, ამერიკა აძლიერებს ქურთების დახმარებას, მიუხედავად ანკარის წინააღმდეგობისა.
მიმომხილველთა აზრით, ანკარა მოითხოვს გარანტიებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ქურთული ძალები რაქას აიღებენ, ისინი სწრაფად დატოვებენ ქალაქს. მეორეს მხრივ, ტილერსონს შეუძლია ანკარას დაპირება მისცეს, რომ მისი დათმობის სანაცვლოდ, ამერიკა სირიაში მხარს დაუჭერს დაცული ზონების შექმნას. იქ თურქეთისთვის თავშეფარებული სირიელი ლტოლვილების დაბრუნება იქნება შესაძლებელი, რის მოთხოვნასაც ანკარა განაგრძობს.
„თუ ამერიკა [ქურთების] დემოკრატიული ერთიანობის პარტიას მხარს დაუჭერს, ამაში არაფერი იქნება გასაკვირი. ეს შენელებული კადრივითაა. ყველა ხედავს, რომ ეს ასეც ხდება“, - ამბობს თურქი დიპლომატი აიდინ სელჩენი.
თუმცა, სელჩენის თქმით, ანკარას სურს პრეზიდენტი ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმროს ვაშინგტონს, რამაც შეიძლება თურქეთის უფრო რბილი პოზიცია განაპირობოს ტილერსონთან მოლაპარაკებებისას.
“ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც თურქეთია, რომელიც მოვლენების შუაგულშია და ის რეგიონულ ძალას წარმოადგენს, მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა კრიტიკულ საკითხებში. ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად, ანკარაში აქვთ მოლოდინები იმ თემებზე, სადაც ანკარა ვაშინგტონს მოკავშირედ მიიჩნევს, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ეს არ გავრცელდება სირიის საკითხზე“, - ამბობს სელჩენი.
გარდა ამისა, ექპერტები ამბობენ, რომ კიდევ ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ირანი. ამ შემთხვევაში, ვაშინგტონს და ანკარას მსგავსი შეხედულებები აქვთ.
„ირანის შეკავება ორივე მხარის ინტერესშია“, - ამბობს მიმომხილველი სინან ულგენი, კარნეგის ევროპის ინსტიტუტიდან. „თურქეთისათვის, რომლის შენაერთებიც სირიასა და ერაყში იბრძვიან, ბევრი რამ იქნება თანხმობის წერტილი ვაშინგტონთან, ორივე ადმინისტრაცია ირანის შეკავებას ცდილობს“.
ამასთანავე, ორი ქვეყნის წარმომადგენლები, ანკარის რუსეთთან ურთიერთობასაც განიხილავენ. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, NATO-ს მოკავშირეები შეშფოთებას გამოხატავენ იმაზე, თუ რა მიმართულებით ვითარდება ანკარის პოლიტიკა რუსეთისადმი. დიპლომატიური „დათბობა“ ამ ორ ქვეყანაში, დასავლეთში აღქმულია, როგორც თურქეთის მცდელობა ქონდეს უპირატესობა მის დასავლელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებებში.
თუმცა, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე, ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები გაცივდა.
„სამიტმა მოსკოვში, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით გაიმართა, ის შედეგი ვერ მოიტანა, რაც ანკარას სურდა. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი აღარ წარმოადგენს ანკარასთვის უპირატესობას მოლაპარაკებებებში“, - ამბობს სელჩენი.
მისი თქმით, შესაძლოა სწორედ ამან განაპირობოს უფრო აქტიური თანამშრომლობა ამერიკასა და თურქეთს შორის.
„ანკარა არის იმ სიტუაციაში, როდესაც სავარაუდოდ, ის მეტი შემართებით დაუბრუნდება ტრადიციულ ალიანს დასავლეთთან და ამერიკასთან. შესაძლოა ანკარას ამის ძლიერი რიტორიკით გამაგრება არ სურდეს. რიტორიკა ზოგჯერ დამაბნეველიცაა, მაგრამ მე ვფიქრობ ამას [უფრო მჭიდრო თანამშრომლობას] უნდა მოველოდეთ“, - ამბობს სელჩენი.
ტილერსონს ასევე მოუწევს უპასუხოს ანკარის მოთხოვნას რელიგიური ლიდერის, ფეტულა გულენის გადაცემის შესახებ, რომელსაც ანკარას ივლისის წარუმატებელ გადატრიალების მცდელობას აბრალებს. ვაშინგტონის თქმით, ეს სასამართლოს განხილვის საკითხია. თუმცა, ანკარა, სახელმწიფო მდივანთან სავარაუდოდ დასვამს გულენის დაკავების საკითხს, თურქეთის ექსტრადაციის მოთხოვნის გათვალისწინებით.
Facebook Forum