კონგრესის წინაშე გამოსვლისას შეერთებული შტატების დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლაპერმა განაცხადა, რომ ამერიკული დაზვერვის მონაცემებით ირანი აფართოებს ბირთვულ პროგრამას, რაც მას ატომური ირაღის დაუფლების საშუალებას აძლევს. თუმცა ირანის ხელისუფლებას ჯერ ამგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია.
შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის დევიდ პეტრეუსის განცხადებით ირანის მმართველი რეჟიმისთვის საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნება უმთავრესი პრიორიტეტია და მათი გათვლებიც ამ გარემოებიდან გამომდინარეობს.
ბატონი პეტრეუსის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რომელიც ამ ქვეყნის ენერგო სექტორის და ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მიმართული, ეფექტურად მოქმედებენ ირანის ეკონომიკის მდგომარეობაზე
:“ირანის ვალუტამ მნიშვნელოვანი დარტყმა განიცადა. მოსახლეობა ადგილობრივი ფულის გადაცვლას უცხოურ ბანკნოტებზე ცდილობს. ქვეყანაში ინფლაციაა გამეფებული. დამატებითმა სანქციებმა თავისი საქმე შეასრულეს.“
პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებით შეერთებულ შტატებს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის დაუფლებაში. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ირანი შეცვლის თავის პოლიტიკას, დაივიწყებს ბირთვულ ამბიციებს და შეასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ საერთაშორისო საზოგადოება მას ხალისით მიიღებს თავის რიგებში.