ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა უკრაინაზე რუსეთის ერთ-ერთი ბოლოდ იერიშის შედეგად. ამის შესახებ უკრაინულმა მხარემ 25 ოქტომბერს განაცხადა.
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, გამთენიისას, დასავლეთ უკრაინაში, ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარე შენობები დაზიანდა და 20 ადამიანი დაიჭრა. თავდასხმა დრონებით განხორციელდა.
"ღამით მტერმა დაარტყა ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიას. აფეთქების შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული და ლაბორატორიული შენობების მინები", - აცხადებენ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში.
ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ქალაქ ნეტიშინსა და სლავუტაში 1800-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგას. ორივე ქალაქი ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურიდან რამდენიმე კილომეტრშია.
ქალაქის მერმა, ვასილი სიდორმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სლავუტაში 20 ადამიანი დაშავდა.
უკრაინის სამხრეთში, ხერსონის რეგიონზე საჰაერო თავდასხმის დროს ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. ეს ცნობა გუბერნატორმა ოლეკსანდრ პროკუდინმა „ტელეგრამზე“ დაადასტურა.
კიევმა რუსული ძალები რამდენიმეთვიანი ოკუპაციის შემდეგ ხერსონის რეგიონის დასავლეთ ნაწილიდან გასული წლის ნოემბერში განდევნა. რუსეთის ჯარები მდინარე დნიპროს მეორე ნაპირიდან რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრისა და მის გარშემო მდებარე ტერიტორიების დაბომბვას განაგრძობენ.
გუბერნატორმა პროკუდინმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ხერსონის რეგიონზე 35 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.
უკრაინელმა სამხედროებმა „ფეისბუქზე“ თქვეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინაში გაშვებული 11-ვე რუსული დრონი გაანადგურა.
"ომის შესწავლის ინსტიტუტმა" (ISW) 24 ოქტომბრის ანგარიშში თქვა, რომ ბოლო დროს რუსეთი ირანული "შაჰიდის" უპილოტო თვითმფრინავების ნაცვლად, უფრო მეტად იყენებს შიდა წარმოების იაფ და მსუბუქ დრონებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა თავის ყოველდღიურ ანგარიშში 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბოლო დღის განმავლობაში „80 საბრძოლო შეტაკება“ მოხდა. განცხადების მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს 10-ზე მეტი თავდასხმა ავდიივკაში და მის მიმდებარედ. ავდიივკა დონეცკის რეგიონში მდებარეობს და რუსული დაბომბვების შედეგად მისი უდიდესი ნაწილი დანგრეულია.
უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთის ძალებმა 24 ოქტომბერს დაარტყა ავდიივკას, მაგრამ ძლიერმა დანაკარგებმა აიძულა ისინი გადასულიყვნენ საჰაერო თავდასხმებზე და ნაკლებად დაეყრდნონ სრულ სახმელეთო წინსვლას.
"მტერმა ორ ღამეში ჩამოაგდო დაახლოებით 40 მართვადი საჰაერო ბომბი. მაგრამ სახმელეთო თავდასხმების რაოდენობა იმასთან შედარებით, რაც იყო გუშინ და წინა დღით, შემცირდა", - განუცხადა უკრაინის ტელევიზიას უკრაინის სამხრეთის ძალების სპიკერმა ოლეკსანდრ შტუპუნმა.
”ეს გასაკვირი არ არის, რადგან ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დონეცკის რეგიონში მტრის დაახლოებით 2400 ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა“, - თქვა მან. მისი თქმით, მსხვერპლის უმეტესობა ავდიევკასა და ახლომდებარე ქალაქ მარიინკას მახლობლად იყო.
ვიტალი ბარაბაშმა, ავდიივკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ქალაქი არტილერიისა და საჰაერო თავდასხმებს უძლებს.
„მტერი დაჟინებით ცდილობს ქალაქის ალყაში მოქცევას და ახალ ძალებს გზავნის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან“, - განუცხადა ბარაბაშმა უკრაინულ ტელევიზიას. „ორი დღეა, ისინი ძირითადად მცირე ჯგუფებად მოქმედებენ და ნაპრალებს ეძებენ ჩვენს თავდაცვაში, მაგრამ უშედეგოდ“, - თქვა მან.