ოკუპირებულ სოხუმში რუსი დიპლომატის მკვლელს ეძებენ. დიმიტრი ვიშერნევი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო, ე.წ "რუსეთის საელჩოს" "ვიცე-კონსული" იყო, 9 სექტემბერს, დილის 9-ის ნახევარზე მოკლეს.
ვიშერნევი სოხუმში, ნოზაძის ქუჩის 58 ნომერში, 9 სართულიან კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა. იგი სახლიდან მეუღლესთან ერთად გამოვიდა. ქილერმა ვიშერნევს მაშინ ესროლა, როცა რუსმა დიპლომატმა ავტოფარეხში სამსახურებრივი მანქანა დაძრა.
ვიშერნევს ორი ტყვია თავში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. კისრის არეში მძიმედ დაიჭრა ოლგა ვიშერნევა, სოხუმელი ექიმები ამ დრომდე მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
„მკვლელობის ადგილზე ასევე აღმოჩნდა დაუდგენელი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით აღიძრა. განზრახ მკვლელობა, თავდასხმა მკვლელობის მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენება.“ალისა ბიგვავა, აფხაზი სეპარატისტების ე.წ "პროკურორი"
ცოლ-ქმარ ვიშერნევებს ქილერმა 1 მეტრის მანძილიდან ესროლა. იგი მოულოდნელად მიუახლოვდა ავტომანქანას, ოთხჯერ გაისროლა და არც სახის დამალვა უცდია.
სეპარატისტების ე.წ. "პროკურორმა" ალისა ბიგვავამ "აფხაზურ ტელევიზიას" განუცხადა, რომ ავტოფარეხთან აღმოჩენილი იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობაც.
„მკვლელობის ადგილზე ასევე აღმოჩნდა დაუდგენელი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით აღიძრა. განზრახ მკვლელობა, თავდასხმა მკვლელობის მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენება.“
ბიგვავამ მოგვიანებით დააზუსტა, რომ ე.წ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც „მოტოროლას“ მარკის ტელეფონთან იყო შეერთებული, მულაჟი აღმოჩნდა.
ქილერი სავარაუდოდ ფიქრობდა, რომ ვიშერნევი მოწყობილობის შემჩნევის შემთხვევაში ავტომანქანას გააჩერებდა და მისი ლიკვიდაცია უფრო ადვილი იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.
ანკლავში გავრცელებული ხმების მიხედვით, რუს დიპლომატს სლავური გარეგნობის ადამიანმა ესროლა. უკვე შექმნილია ქილერის ფოტორობოტი. ოკუპირებულ სოხუმში უკვე ჩავიდნენ რუსეთის გენერალური პროკურატურის გამომძიებლები. გამოძიებაში ასევე ჩაერთო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური.
ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობა შესაძლოა, 2012 წლის შემოდგომაზე, სოხუმში, რუსი ბიზნესმენის კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის სკარედნოვა მკვლელობას უკავშირდებოდეს. როგორც ცნობილი გახდა, ვიშერნევი რუსეთის სპეცსამსახურების და საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით, ამ მკვლელობას იძიებდა.
მეორე ვერსიით, რომელსაც რუსული პრესა ავრცელებს, რუსი დიპლომატის მკვლელობა, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის წართმეულ უძრავ ქონებას უკავშირდება.
„დიმიტრი ვიშერნევი აქ 2009 წლიდან მუშაობდა საკონსულო საქმიანობის ფართო სპექტრზე, მათ შორის, მოსახლეობის პასპორტიზაციასა და მოქალაქეობის მინიჭებაზე. უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებაში ერთვება რუსეთის ფედერაციის მთავარი საგამოძიები სამმართველო.“სემიონ გრიგორიევი, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ "ელჩი"
ვიშერნევი იყო ე.წ "რუსულ-აფხაზური კომისიის" ერთ-ერთი აქტიური წევრი, კომისია ქონებრივი დავების საკითხს სწავლობდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ანკლავში, სხვადასხვა წლებში, წართმეული უძრავი ქონების დაბრუნებას 5000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე ითხოვს.
სწორედ დიმიტრი ვიშერნევს ეკუთნოდა სკანდალური ფრაზა, რომელიც მან 2011 წელს კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე წარმოთქვა და დიდი ხმაური გამოიწვია. ვიშერნევმა მაშინ თქვა, რომ ე.წ „რუსეთის საელჩო, წართმეული ქონების უკან დაბრუნებაში დაეხმარება რუსეთის ყველა მოქალაქეს, გარდა ეთნიკური ქართველებისა“.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ რუსეთის უკანონო „ელჩი“ სემიონ გრიგორიევი ამბობს:
„დიმიტრი ვიშერნევი აქ 2009 წლიდან მუშაობდა, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ჰქონდა საკონსულო სამსახურის დიდი გამოცდილება.
აფხაზეთში მუშაობდა საკონსულო საქმიანობის ფართო სპექტრზე, მათ შორის, მოსახლეობის პასპორტიზაციასა და მოქალაქეობის მინიჭებაზე. უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებაში ერთვება რუსეთის ფედერაციის მთავარი საგამოძიები სამმართველო.“
36 წლის დიმიტრი ვიშერნევი რუსეთის ქალაქ ფსკოვიდან იყო. დიპლომატიური კარიერა სწორედ ფსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობაში დაიწყო. ოკუპირებულ აფხაზეთში გადმოსროლამდე, მუშაობდა ბელორუსიასა და სკანდინავიის ქვეყნებში ატაშეს თანამდებობაზე.
სავარაუდოდ, რუს დიპლომატს გავლილი ჰქონდა კარგი სამხედრო მომზადებაც. სოციალურ ქსელებში პირად გვერდებზე, ვიშერნევს უდევს ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებული რამდენიმე ფოტოსურათი, სადაც იგი სხვადასხვა ცეცხსასროლი იარაღით, მათ შორის "კალაშნიკოვის" ავტომატით პოზირებს.
სეპარატისტების ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა მკვლელობა შეაფასა, როგორც "რუსეთ-აფხაზეთის სტრატეგიული და ძმური ურთიერთობების მოშლისკენ მიმართული ტერორისტული აქტი". ანალოგიური განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.