ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატრიარქი კირილი: დასავლეთი რუსეთის "მოგუდვას" ცდილობს


პატრიარქი კირილი საშობაო წირვას უძღვება. მოსკოვი, რუსეთი. 7 იანვარი, 2025 წ.
პატრიარქი კირილი საშობაო წირვას უძღვება. მოსკოვი, რუსეთი. 7 იანვარი, 2025 წ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა კირილმა შობის დღესასწაულზე განაცხადა, რომ დასავლურ სამყაროს სძულს რუსეთი და მისი „ცივილური განვითარების ალტერნატიული გზა“. 7 იანვარს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა შობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად აღნიშნა.

პატრიარქი კირილი (გუნდიაევი) უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამოკვეთილი მხარდამჭერია. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, პატრიარქმა აკურთხა ის ხატები და ჯვრები, რომლებზეც პრეზიდენტის ინიციალები იყო ამოტვიფრული, რათა ისინი ფრონტზე მყოფი რუსი სამხედროებისთვის გაეგზავნათ.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საშობაო მიმართვაში პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ რუსეთი დასავლური სამყაროსთვის გამოწვევას წარმოადგენს. პატრიარქის აზრით, ამის მიზეზი რუსეთის ბირთვული შესაძლებლობები და სიძლიერე არ არის.

"მათ იმიტომ ვძულვართ, რომ ჩვენ ვთავაზობთ ცივილიზებული განვითარების განსხვავებულ, ალტერნატიულ გზას“, - თქვა მან მაცხოვრის ტაძრიდან გაკეთებულ მიმართვაში. რუსეთის პატრიარქის აზრით, დასავლეთი მორალურ კოლაფსშია, რუსეთი კი სამყაროს ხსნის გზას აჩვენებს.

„ფიზიკურად მათ ნამდვილად არ შეუძლიათ ჩვენი მოგუდვა, თუმცა ცდილობენ სხვადასხვა სახის ცილისწამებასა და ბლოკების შექმნას რუსეთის დასუსტების მიზნით “, - თქვა რუსეთის პატრიარქმა და დასძინა, რომ დასავლეთი რუსეთთან "ვერაფერს გააწყობს, რადგან ღმერთი ჩვენთანაა".

საშობაო გზავნილში რუსეთის პრეზიდენტმაც ხაზი გაუსვა მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ვლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა რუსულ ეკლესიას "ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებისთვის, ახალგაზრდების აღზრდისა და მორალური იდეალების განმტკიცებისთვის“.

პატრიარქ კირილზე უკრაინას ძებნა აქვს გამოცხადებული. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წელს მასზე ძებნა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის და აგრესიული ომის გაჩაღება-წარმოების და მისი გამართლებისთვის გამოაცხადა. უკრაინაში ჩატარებული გამოძიების მიხედვით, პატრიარქი „რუსეთის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიდა წრის ნაწილია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს“.

როგორ ხვდება უკრაინა 2025 წელს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:49 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG