ორშაბათს, 10 მარტს, რუსეთმა ორი ბრიტანელი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა. დიპლომატებს ორი კვირა მისცეს ქვეყნის დასატოვებლად. ნაბიჯმა კიდევ უფრო გააღრმავა მოსკოვსა და ევროპას შორის დაძაბული ურთიერთობა იმის ფონზე, რომ რუსეთი ამერიკასთან უთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვის ბრალდებები დიპლომატების წინააღმდეგ უარყო და მათ „უსაფუძვლო“ უწოდა.
მოსკოვი უკმაყოფილოა ბრიტანეთის უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერით და პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ბოლო განცხადებებით უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცების შესაძლო გაშვების თაობაზე.
რუსეთიდან ბრიტანელი დიპლომატების გაძევებამდე, ბრიტანეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო 3 ბულგარელი, რომლებიც გამოძიების მიხედვით, რუსული საჯაშუშო დანაყოფის წევრები იყვნენ.
გაძევებული ორი ბრიტანელი პირველი დასავლელი დიპლომატები არიან, ვინც ქვეყნიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მოსკოვმა და ვაშინგტონმა ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით დაიწყეს მუშაობა.
2022 წლის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მსგავსმა გაძევებებმა მკვეთრად შეაფერხა რუსეთის დიპლომატიური მისიების მუშაობა საზღვარგარეთ, ისევე როგორც მოსკოვში დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური სამუშაო.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორმა ბრიტანელმა დიპლომატმა ქვეყანაში შესვლისას, ცრუ ინფორმაცია მიაწოდა მესაზღვეებს. ასევე უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ გამოავლინეს „სადაზვერვო და დივერსიული მუშაობის ნიშნები“, რამაც ზიანი მიაყენა რუსეთის უსაფრთხოებას.
კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ყველაფერს აკეთებენ ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.
მოსკოვის გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ, ბრიტანეთის დიპლომატიურმა უწყებამ განაცხადა: „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი მავნე და უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს ჩვენს თანამშრომლებს“.