ირანის სარკინიგზო ხაზის დაფინანსებისა და მშენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი ირანელი კოლეგა, ებრაჰიმ რაისი ოთხშაბათს, ვირტუალურად დაესწრნენ.
რაშტ-ასტარას რკინიგზა, რომელიც მიზნად ინდოეთის, ირანის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების სარკინიგზო და საზღვაო გზით დაკავშირებას ისახავს, ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფანში მნიშვნელოვან რგოლად განიხილება. მოსკოვი აცხადებს, რომ მარშრუტს, შეუძლია კონკურენცია გაუწიოს სუეცის არხს, როგორც მთავარ გლობალურ სავაჭრო გზას.
„ჩრდილოეთ-სამხრეთის უნიკალური სატრანსპორტო არტერია, რომლის ნაწილიც რაშტ-ასტარას რკინიგზა გახდება, ხელს შეუწყობს გლობალური სატრანსპორტო ნაკადების მნიშვნელოვნად დივერსიფიკაციას“, - თქვა პუტინმა.
მან ასევე თქვა, რომ კასპიის ზღვის სანაპიროზე, 162 კმ სიგრძის რკინიგზა, ბალტიის ზღვის რუსულ პორტებს ირანულ პორტებთან დააკავშირებს, ინდოეთის ოკეანესა და სპარსეთის ყურეში.
„ეჭვგარეშეა, ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ნაბიჯია, თეირანისა და მოსკოვის თანამშრომლობის მიმართულებით“, - განაცხადა რაისმა.
დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთი და ირანი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებენ.
ირანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის და ახლო აღმოსავლეთში მისი როლის გამო, ეკონომიკური სანქციების სამიზნეა. სანქციები დაწესებულია ასევე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ხოლო რუსეთს, დასავლეთმა სანქციები გაუფართოვა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
Facebook Forum