ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომში ორ ამერიკელს პოლიციელის მკვლელობისთვის განაჩენი მიუსაჯეს


ოთხშაბათს, რომში, ნაფიცმა მსაჯულებმა ორ ამერიკელ ახალგაზრდას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მსჯავრი პოლიციელის მკვლელობისთვის დასდეს, რომელიც 2019 წელს ნარკოტიკების მცირე დოზის ყიდვისას განვითარებული ტრაგიკული გარემოების დროს მოხდა.

21 წლის ფინეგან ლი ელდერის და 20 წლის გაბრიელ ნატალ-ჰიორტისთვის ვერდიქტის გამოსატანად ნაფიცი მსაჯულები 12 საათზე მეტხანს მსჯელობდნენ და საბოლოოდ, იტალიის უმკაცრესი სასჯელი შეუფარდეს.

ელდერს და ნატალ-ჰიორტს ბრალად ედებოდათ მკვლელობა, გამოძალვის მცდელობა, თავდასხმა, საჯარო მოხელისთვის წინააღმდეგობის გაწევა და თავდასხმის სტილის დანის მართალსაწინააღმდეგოდ ტარება. ისინი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ელდერმა კარაბინერების ვიცე-ბრიგადირ მარიო ჩერჩიელო რეგას დანით, რომელიც ევროპაში მოგზაურობის დროს კალიფორნიიდან ჩაიტანა,11 ჭრილობა მიაყენა, ნატალ-ჰიორტი კი მას სასტუმროს ნომერში დანის დამალვაში დაეხმარა.

2019 წლის 26 ივლისს, ლეგენდარული კარაბინერების გასამხედროებული საპოლიციო კორპუსის ოფიცრის მკვლელობამ იტალია შეძრა. 35 წლის ჩერჩიელო რეგა იგლოვეს, როგორც ეროვნული გმირი.

ბრალდებულებმა თქვეს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, შუამავლის მეშვეობით კოკაინის ყიდვა სცადეს. დილერს ფული გადაუხადეს და ნარკოტიკის ნაცვლად, მათ ასპირინის მსგავსი ტაბლეტი მისცეს. ამერიკელებმა ამის სამაგიეროდ შუამავალს ზურგჩანთა და მობილური ტელეფონი წაგლიჯეს. შემდეგ იმავე ტელეფონით დაურეკეს და შეხვედრა დაუნიშნეს, რათა ტელეფონი და ზურგჩანთა მათ მიერ გადახდილ ფულში გაეცვალათ.

ჩერჩიელო რეგა თაფლობის თვიდან ახალი დაბრუნებული იყო, როდესაც თავის პარტნიორ პოლიციელ ანდრეა ვარიალესთან ერთად, გამოძალვის მცდელობის გამოძიება დაავალეს. პოლიციელებს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ და იარაღის გარეშე იყვნენ. ბრალდებულებმა თქვეს, რომ პოლიციელებმა თავი არ წარმოადგინეს და მათ ჩათვალეს, რომ რეგა და ვარიალე ხულიგნები ან ბანდიტები იყვნენ და ჩაბნელებულ, უკაცრიელ ქუჩაზე მათ თავს ესხმოდნენ. პოლიციელმა ვარიალემ კი თქვა, რომ მათ თავი კარაბინერებად წარმოადგინეს.

პროკურორებმა განაცხადეს, რომ მაშინ 19 წლის ელდერმა, სამხედრო ტიპის 18 სანტიმეტრიანი დანა ჩერჩიელო რეგას რამდენჯერმე დაარტყა. ბრალდებულმა ელდერმა თქვა, რომ ის მიწაზე იყო და მკვრივი აღნაგობის რეგა კი მის ზემოთ და შეეშინდა, რომ მას ახრჩობდნენ. საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ამოიღო დანა და მას დაარტყა. როდესაც პოლიციელმა ის მაშინვე არ გაუშვა, მან დანა განმეორებით დაარტყა.

სასამართლო პროცესის ბოლოს, ელდერის ადვოკატმა რენატო ბორზონემ განაცხადა, რომ მისი კლიენტის ღრმად გამჯდარი ფსიქიატრიული პრობლემები, მათ შორის თავდასხმის მუდმივი შიში, სასიკვდილო დაჭრის ერთ-ერთი ფაქტორი გახდა. ბორზონემ თქვა, რომ ფსიქიატრიული პრობლემების გამო, ელდერი მსოფლიოს ხედავდა, როგორც მტრებით სავსეს და როდესაც პოლიციელი დაუპირისპირდა, მის გონებაში რაღაც “მოკლე ჩართვა” მოხდა.

XS
SM
MD
LG